მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მსვლელობისას, მსოფლიო საზოგადოებისა და საერთაშორისო მედიის ყურადღება ცერემონიის მთავარი გმირებისაკენ იყო მიპყრობილი, დღის ვარსკვლავად სრულიად სხვა ადამიანი იქცა. სენატორ ბერნი სანდერსის ფოტო ინტერნეტის ჰიტი გახდა და მიმების დიდი ტალღაც გამოიწვია. სანდერსმა ეს პოპულარობა საკმაოდ ჭკვიანური და სასარგებლო მიზნით გამოიყენა – ინაუგურაციის ცნობილი ფოტო სვიტერის პრინტად აქცია.
მოდელების გაყიდვიდან მიღებული სრული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება – ამ შემოსავლით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ვერმონტის შტატის მცხოვრებ, სპეციალური საჭიროებების მქონე პაციენტებს საკვებით უზრუნველყოფს. სვიტერები ბერნი სანდერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. თითოეული მათგანის ყიდვა ონლაინ, 45 დოლარად არის შესაძლებელი. პროდუქტი სულ რაღაც ერთი დღეა რაც გაყიდვაში ჩაეშვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკვე ძალიან პოპულარულია. საიტზე გაჩნდა მითითება, რომელიც ყიდვის მსურველებს აფრთხილებს: “დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეკვეთის მიღებამ შესაძლოა რამდენიმე კვირით დააგვიანოს.”