2019 წლის აგვისტოში რაფ სიმონსს კელვინ კლაინში სამ წლიანი კონტრაქტი უმთავრდებოდა. 2018 წლის დეკემბერში მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სიმონსის და კელვინ კლაინის თანამშრომლობა კონტრაქტის ამოწურვამდე დასრულდა. გავრცელებული მიზეზის თანახმად, დიზაინერი და კომპანია ვერ შეთანხმდნენ, რადგან ბრენდის ხელმძღვანელებს კომპანიის ახალი მიმართულებით განვითარება სურდათ, რომელიც სიმონსის შემოქმედებითი ხედვისგან განსხვავდებოდა. ახალ ამბავს მორიგი სიახლე მოჰყვა და კელვინ კლაინის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ Calvin Klein 205W39NYC „ახალი სახელით, დიზაინ მიდგომით და შემოქმედებითი მიმართულებით“ დაიწყებდა ფუნქციონირებას. ახლა უკვე უფრო ნათელი გახდა რას გულისხმობს ახალი მიმართულება.
კელვინ კლაინი ტრადიციული კოლექციების გამოშვებას წყვეტს. 205W39NYC ბიზნესი იხურება. ნიუ-იორკის და მილანის ოფისებში დასაქმებული ასი ადამიანი სამსახურიდან მიდის. Calvin Klein 205W39NYC-ის პრეზიდენტი მიშელ-კესლერ სანდერსი თანამდებობას ტოვებს, თუმცა ივნისამდე კვლავ შეინარჩუნებს თავის პოზიციას, რათა საბოლოოდ მოაგვაროს ბიზნესის ამ სეგენტის დახურვის საკითხი. თანამდებობაზე დარჩება სტივ შიფმენი, რომელიც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია.
ამ ეტაპზე უცნობია რას გულისხმობს ზუსტად კელვინ კლაინის ახალი სტრატეგია, მაგრამ კომპანია ისევ განაგრძობს შემოქმედებითი ხელმძღვანელის ძიებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბრენდის სხვადასხვა კატეგორიებზე, მათ შორის არის ჯინსები და საცვლები. 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე რაფ სიმონსის ბრენდისთვის შექმნილი კოლექცია ბოლო აღმოჩნდა, რომელიც კელვინ კლაინის სახელის ქვეშ პოდიუმზე ვნახეთ და ამით ყველაზე მშვენიერი მინიმალისტური ამერიკული ოცნებაც საბოლოოდ დამთავრდა.