2020 წლის ივნისში ქანიე უესტსა და გეფს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამერიკულ ბრენდსა და უესტს შორის 10 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მათი ერთობლივად შექმნილი პირველი კოლექციის გამოშვება კი 2021 წელს დაანონსდა. პარალელურად, დიზაინერმა მოვალოლამ ინსტაგრამზე თავის გამომწერებს აცნობა, რომ Yeezy Gap–ის დიზაინ დირექტორად დასახელდა.
წლების წინ, სანამ Yeezy Gap-ის ფენომენი გაჩნდებოდა, მუსიკოსი ბრენდის ჩიკაგოში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში თინეიჯერობის ასაკში მუშაობდა. 2015 წელს ქანიემ Style.com-თან განაცხადა:
„მინდა გეფის სტივ ჯობსი ვიყო… მხოლოდ კაფსულა კოლექცია არ მაქვს მხედველობაში. გეფზე სრულ Hedi Slimane შემოქმედებით კონტროლს ვგულისხმობ.“
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ ქალის, მამაკაცის და ბავშვის ყოველდღიურ სამოსს ტიპური გეფის ფასები ექნებოდა და მასებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა ზუსტი თარიღი თუ როდის გამოვიდოდა YEEZY Gap ხაზი ამ დრომდე ცნობილი არ იყო. როგორც BOF იუწყება, მომენტი, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლოს დადგება.