საერთაშორისო ბრენდებად ქცეული გვარები და ოჯახები მოდაში უცხო არავისთვისაა. მსოფლიოს წამყვანი საოჯახო ბიზნესების ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი სწორედ ტანისამოსისა და თავი მოვლის კომპანიებს უკავიათ. Hermès-ის ისტორიის განვითარების საპასუხისმგებლო მისიაც ოჯახური მემკვიდრეობით გადაიცემოდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. დამფუძნებელი ტიერი ერმესი ტყავის აღჭურვილობის სპეციალისტი გახლდათ. მან პირველი მაღაზია 1837 წელს, პარიზში გახსნა. დღეს ბრენდის საკონტროლო წილს კვლავაც ტიერი ერმესის მეექვსე თაობის მემკვიდრეები ფლობენ.



ტყავის დამუშავებისა და წარმოების უნიკალური ტექნიქით, ტიერი ერმესი პარიზში მოწინავე ფიგურა გახდა. ის ექსკლუზიურად მხოლოდ სამეფო ოჯახების წევრებისთვის და ძალიან მდიდარი ევროპელებისთვის მუშაოდა. 1980-იანი წლებიდან, მართვის სადავეები ტიერის შვილებმა, ადოლფმა და შარლ-ემილმა გადაიბარეს. მათი ხელმძღვანელობით, Hermès საცალო ვაჭრობის ბიზნესში ჩაება, მდიდარი კლიენტების რიგებს კი აზიელები, რუსები და ამერიკელებიც შეემატნენ. ერმესის შემდეგი თაობა, დამფუძნებლის შვილიშვილი – ემილ-მორის ერმესი ოჯახურ ბიზნესის სათავეში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩაუდგა. 1940-იანი წლების ბოლოდან კი, ბიზნეს-პარტნიორად და Hermès-ის ხელმძღვანელად, თავისი ქალიშვილის მეუღლე – რობერტ დუმა-ერმესი წარადგინა.

რობერტი Hermès-ის პირველი ლიდერი იყო, რომელიც ტიერი ერმესის პირდაპირი შთამომავალი არ გახლდათ და ოჯახს ქორწინებით შეუერთდა. რობერტმა მიიღო თავისი მეუღლის გვარი და ის ოფიციალურად რობერტ დუმა-ერმესად მოიხსენიებოდა. დღესდღეისობით, ერმესის საკონტროლო წილს სწორედ დუმა-ერმესის ოჯახის წევრები ფლობენ. მათ ეკუთვნით Hermès International S.A.-ის 65%-იანი წილი და კომპანიის მმართველობით საბჭოში, გადაწყვეტილების მისაღებად 74%-იანი ხმის უფლებაც.
რაც შეეხება ბიზნესის სხვა მეწილეებს, 20%-იან წილს ფლობს მოდის ყველაზე მსხვილი კონგლომერატი – LVMH, რომლის სათავეშიცაა ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო. ფინანსური და ბიზნესი სამყაროს გავლენიანი გამოცემის, Bloomberg-ის მონაცემებით, არნო ამჟამად მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანიდან ერთ-ერთია. 2013-2014 წლებში, ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ბერნარის ინიციატივით, LVMH ერმესზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა აქსელ დუმას ლიდერობით, Hermès-ის მართვიის სადავეები კვლავ დუმა-ერმესის ოჯახის მფლობელობაში დარჩა.