Victoria’s Secret-მა მესამე კვარტალში ფინანსური დარტყმა განიცადა. ზარალმა 71,2 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთო სურათი ცხადია აისახა აქციებზეც – თითო აქციაზე ფასი 86 ცენტით დაეცა. აღსანიშნავია რომ ფასის ვარდნა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ფინანსური ანალიტიკოსებო ვარაუდობდნენ. 

მიუხედავად ამ შედეგებისა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ უოტერსი ამბობს, რომ ადრეული წინასადღესასწაულო ტენდენციები პერსპექტიულია და კომპანიის მენეჯმენტი წინსვლის იმპულსებს ხედავს. Victoria’s Secret ყურადღებას ამახვილებს კომპანიის ტრანსფორმაციის პერიოდზეც, რომელიც  ბრენდის იდენტობის განსაზღვრისათვის გარდამტეხი პერიოდია.

 

“ჩვენ იმედიანად ვუყურებთ გაყიდვების გაუმჯობესებულ ტენდენციას, რადგან მნიშვნელოვან სადღესასწაულო პერიოდს ვუახლოვდებით“ – ნათქვამია უოტერსის განცხადებაში. 

2021 წელს, Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ე.წ. “ანგელოზების” ეპოქის დასრულება იყო. კომპანიამ ბრენდის სავიზიტო ბარათად ცნობილ შოუზე ოფიციალურად თქვა უარი და ორი ახალი ინიციატივა წარადგინა – Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ. ამ პროექტებით VS ცდილობს თავის პოლიტიკაში ქალების გაძლიერების მიმართულება პრიორიტეტად აქციოს. თუმცა ბრენდმა აქტუალობა მაინც ვერ მოიპოვა, რაც მისი უწინდელი გავლენის გათვალისწინებით, კომპანიისათვის კრიზისია. 

აღსანიშნავია, რომ Victoria’s Secret-ისათვის გასული წელიც ფინანსურად წარუმატებელი იყო.