ცნობილი ხდება, რომ გასულ ერთ წელიწადში, ურბანული ტანსაცმლის ბრენდმა, Vetements – მა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურები გაიარა სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, შვეიცარიაში, სინგაპურში. ბრენდმა ინტელექტუალური საკუთრება მოიპოვა შემდეგ სახელწოდებაზე – “VTMNTS”. ინდუსტრიაში გავრცელებული ჭორებით, ვეტმანი მასშტაბური რებრენდინგისთვის ემზადება, რომელიც მოიცავს სახელწოდების ცვლილებასაც და უახლოეს მომავალში, “Vetements” გახდება “VTMNTS”.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, სახელის გამო, ბრენდს არაერთ ქვეყანაში შეექმნა ინტელექტუალური საკუთრების მოპოვებაზე პრობლემა. აშშ-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის სამსახურმა, ბრენდს Vetements-ის ლოგოზე უფლება არ მიანიჭა, რადგან სახელწოდება ფრანგული ენიდან ითარგმნება, როგორც „ტანსაცმელი“. შესაბამისად, ის პროდუქტის აღწერას მოიაზრებს. მათი განმარტებით, სახელწოდება, ლოგო, რომელიც ითარგმნება, როგორც „ტანსაცმელი,“ „სამკაული“, „ფეხსაცმელი“ ვერ გახდება კონკრეტულად ერთი ბრენდის საკუთრება.

გარდა სახელის ცვლილებისა, მოდის პრესის გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, რომ მასშტაბური რებრენდინგი მოიცავს პროდუქტის გამრავალფეროვნებასაც და კომპანიის შიგნით ახალი ბრენდების დაარსებას.

ცოტა ხნის წინ, Vetements-მა წარადგინა თვისი პირველი ბურგერი. WWD-სთან მიცემულ ინტერვიუში, ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ აღნიშნა, რომ ეს დასაწყისია და კომპანია აპირებს, სხვადასხვა ქვეყნებში, მომხმარებელს არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ განსხვავებული პროდუქციაც შესთავაზოს.