დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ, Vetements-ის კოლექცია პირველად გახდა კამათის საფუძველი. 22 იანვარს, ციურიხში დაფუძნებულმა ბრენდმა, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ახალი კოლექცია წარადგინა. 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კატალოგი, რომელიც 165 ლუქს აერთიანებს, ვეტმანის ისტორიაში ყველაზე დიდი შემოთავაზებაა. ახალი სეზონის შესახებ კომენტარი ბრენდის გენერალურმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ გააკეთა. გურამის განცხადება მოდის პრესის წამყვანმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს.

ფოტოები:Vogue.com

გვასალიამ პარალელები გაავლო ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის, აღნიშნა, რომ კოლექცია შთაგონებულია „იმ ჯოჯოხეთით, რომელსაც გავდივართ“. ამასთან, გურამის თქმით, კოლექციაში წარმოდგენილი ნაქსოვი კაბები, სვიტერები და კლასიკური კოსტიუმები, რომლებსაც ლურჯი ზოლები აფორმებს, ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებისგან არის შთაგონებული. 2019 წელს, ჰონგ-კონგში, ანტი-სამთავრობო აქციაზე, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ლურჯი ფერის საღებავები გამოიყენა.

სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება, რომელსაც ახლა ინტერნეტში ათასობით ადამიანი განიხილავს. აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიას შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ბრენდის კოლექციებს ანონიმურ დიზაინერთა გუნდი ქმნის, რომელთა შესახებ ცნობილი არ არის.