ვეტმანის პირველმა ჩვენებამ მოდის ინდუსტრია შეცვალა. ის რაღაც ახლის დასაწყისი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მასში სიახლე არაფერი ყოფილა. ბრენდის რიგით მეორე კოლექცია სამი დეკადით ადრე დაწყებულ წინააღმდეგობრივ მოძრაობას ეხმიანებოდა. იაპონელი და ბელგიელი დიზაინერების ნაკვალევს მიჰყვებოდა. ამ შემთხვევაში წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი საჭირო დროს გამოჩენა გახდა. მონოტონური და ერთფეროვანი მდგომარეობა ყოველთვის ითხოვს ალტერნატივებს. სწორედ ასე იყო მოდაში ხუთი წლის წინ – ჯერ კიდევ მაშინ, სანამ გვასალიას და ბალენსიაგას წარმატებული თანამშრომლობა დაიწყებოდა.
ბრენდი, რომელიც შექმნეს ადამიანებმა, რომლებსაც თავიდან უბრალოდ გართობა, თავისუფლება და არსებული რეალობისგან თავის დაღწევა უნდოდათ იყო ის სასურველი ახალი და სუფთა ჰაერი, რომელიც ინდუსტრიამ ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ მისით ასე მოიწამლა.
ოვერსაიზი, დეკონსტრუქცია, სიუხეშე და მიმზიდველი სიუშნოვე ცხადყოფდა, რომ ასპარეზზე მარჯიელას მოდური ფილოსოფიის მიმდევრები გამოვიდნენ.
კოლექტივმა, დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, ხალხს დაანახა, რომ ტანსაცმელი შესაძლოა გამოხატავდეს ყველაფერს, რისი თქმაც გინდა, განიცდი და გაწუხებს. ვეტმანი, პირველ რიგში, განწყობაზე საუბრობს. გარემოს, ადამიანების, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა ამ ბრენდისთვის ფუნდამენტური იდეაა.
საბოლოოდ, ვეტმანით დემნა გვასალიამ თავისი პირადი ისტორიის ხმამაღლა და გულწრფელად მოყოლა დაიწყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ამბავი იცვლება, ბევრისთვის ის ისევ დამაინტრიგებელია, ზოგი კი თვლის, რომ რელევანტურობა დაკარგა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს დასაწყისი, რომელიც, ალბათ, ამ ისტორიის ყველაზე მშვენიერი და საინტერესო ნაწილია.