მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ზაფხული იყო კინოსამყაროში, მაგრამ იწყება ახალი სეზონი და მასთან ერთად – კულტურული ღონისძიებები, რომლებიც კინოს, მოდის, ხელოვნებისა და ვარსკვლავური სანახაობების მოყვარულებს შეუფასებელ მომენტებს ჰპირდება. პირველი, რა თქმა უნდა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალია. მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე კინოფესტივალი გუშინ, 27 აგვისტოს გაიხსნა და 6 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე კულტურის ცენტრი იქნება.
ტრადიციულად, 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალის წარმდგენი გახლავთ Mastercard. სწორედ Mastercard-თან ერთად, ამ სტატიაში, გიყვებით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალის შესახებ.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია 1932 წლიდან იწყება, გამომდინარე აქედან, ტექნიკურად, ეს ყველაზე ძველი კინოფესტივალია მსოფლიოში და რაღა თქმა უნდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანის კინოფესტივალთან ერთად, მსოფლიოში – ყველაზე პრესტიჟულიც. ყოველწლიურად, საპრემიერო პროგრამაში წარმოდგენილია ფილმები, რომლებიც როგორც წესი, წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის ხვდებიან და საბოლოოდ, “ოსკარის”, “ოქროს გლობუსის” და სხვა არაერთი პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტებში იკავებენ საპატიო ადგილს.

ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალი ოსკაროსანმა იტალიელმა რეჟისორმა, პაოლო სორენტინომ თავისი ახალი ნამუშევრით – La Grazia-თი გახსნა. ფილმის სიუჟეტი იტალიაში ვითარდება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, მკაცრი კათოლიკე და იურისტი, დილემის წინაშე დგას: მოაწეროს თუ არა ხელი კანონს, რომელიც ევთანაზიის ლეგალიზებას ითვალისწინებს. მთავარ როლებში ტონი სერვილოსა და ანა ფერცეტის შესრულებით, „La Grazia“ სორენტინოს ერთგვარი დაბრუნებაა ვენეციაში, სადაც 2021 წელს, მისი ფილმი “The Hand of God” ვერცხლის ლომის პრიზით დაჯილდოვდა. „ეს სრულიად სხვა სორენტინოა“ – აღნიშნა ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ „La Grazia“-ს შეფასებისას. „ფილმი ნაკლებად არის სორენტინოსთვის დამახასიათებელ ბაროკოს სტილში. ეს მართლაც ძალიან მოულოდნელი ისტორიაა.“
„La Grazia“ -სთან ერთად, კინოფესტივალის მთავარი პრემიის, “ოქროს ლომის” მოგების კანდიდატებს შორის არიან:
- ლუკა გუადანინოს ფსიქოლოგიური ტრილერი – “After the Hunt” / მთავარ როლებში: ჯულია რობერტსი და ენდრიუ გარფილდი.
- გილერმო დელ ტოროს სამეცნიერო ფანტასტიკა – “Frankenstein” / მთავარ როლებში: ოსკარ ისააკი, ჯეიკობ ელორდი და მია გოთი.
- იორგოს ლანთიმოსის სამეცნიერო ფანთასტიკა – “Bugonia” / მთავარ როლებში: ემა სტოუნი და ჯეს პლემონსი.
- ნოა ბაუმბახის კომედია – “Jay Kelly” / მთავარ როლებში: ჯორჯ კლუნი და ადამ სანდლერი
- კეთრინ ბიგელოუს პოლიტიკური თრილერი – “A House of Dynamite” / მთავარ როლებში: იდრის ელბა და რებეკა ფერგუსონი.
- კაუტარ ბენ ჰანიას დრამა – “The Voice of Hind Rajab” / მთავარ როლებში: ამერ ჰლეჰელი და კლარა ხური.
- მონა ფასვოლდის ისტორიული მიუზიკლი – “The Testament of Ann Lee” / მთავარ როლებში: ენდრიუ მორისონი და ჯოშუა ჰორსფილდი.
- ბენი საფდის ბიოგრაფიული სპორტული დრამა – “The Smashing Machine” / მთავარ როლებში: დუეინ ჯონსონი და ემილი ბლანტი.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში, აგრეთვე იგეგმება სოფია კოპოლას ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერაც, რომელიც ამერიკელ დიზაინერს – მარკ ჯეიკობსს ეძღვნება. Marc by Sofia–ს მსოფლიო პრემიერა 2 სექტემბერს შედგება, ფილმი იქნება კონკურსგარეთ სექციაში და არ იბრძოლებს მთავარი ჯილდოსთვის.
რაც შეეხება კინოფესტივალის ჟიურის, წელს ვენეციის ბიენალეს თავმჯდომარე ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი – ალექსანდრ პეინი იქნება. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით სასიხარულო სიახლე გახლავთ ის, რომ ისტორიაში პირველად, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიში ქართველი კინომცოდნეც იქნება წარმოდგენილი. ალექსანდრე გაბელია შექმნის ისტორიას, როგორც პირველი ქართველი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის რიგებში.

კინო მნიშვნელობასთან ერთად, ბუნებრივია რომ ვენეციის კინოფესტივალს სანახაობრივი დატვირთვაც აქვს და წითელი ხალიჩა, ხშირად, არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს. 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე, ავსტრალიელმა მსახიობმა, ქეით ბლანშეტმა უკვე შექმნა პირველი განსახილველი მომენტი წითელი ხალიჩიდან. მსახიობს ჯორჯო არმანის შავი კაბა ეცვა. ხაზგასასმელია, რომ ქეითს არმანის ეს კაბა უკვე მეორედ ეცვა წითელ ხალიჩაზე. მსახიობი ხშირად იყენებს წითელ ხალიჩას სხვადასხვა მნიშვნელოვანი განაცხადის გასაკეთებლად. კინოფესტივალზე, სადაც ყველა ცდილობს, მოირგოს ცნობილი დიზაინერების უახლესი კოლექცია, შეიმოსო კაბით, რომელიც ერთხელ უკვე გეცვა, შეგვიძლია ესეც მისგან ერთგვარ განაცხადად შევაფასოთ, რომელიც ეთიკურ და მდგრად მოდას ეხმიანება.
6 სექტემბრის ჩათვლით, თვალი ადევნეთ FashionHolics Online-ს სიახლეებისთვის, საპრემიერო დარბაზიდან თუ წითელი ხალიჩიდან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, Mastercard-თან ერთად, გაგიზიარებთ შეუფასებელ მომენტებს ვენეციის რიგით 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალიდან.