Valentino იმ ბრენდების მზარდ სიას უერთდება, რომლებმაც ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადეს. იტალიური მოდის სახლი ამ ინიციატივას სისრულეში 2022 წლიდან მოიყვანს. ვალენტინოს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია იქნება ბოლო, რომელშიც ბეწვი იქნება წარმოდგენილი.

“Maison de Couture ჩვენთვის კრეატიულობას, უნიკალურობას, ინტიმურობას და ინკლუზიურობას მოაზრებს,” – ამბობს ვალენტინოს ახლად დანიშნული აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯაკოპო ვენტურინი. “ბეწვის აკრძალვა კომპანიის ღირებულებებთან სრულყოფილ თანხვედრაშია. ვაპირებთ, რომ მომდევნო კოლექციებში გარემოზე ყურადღების უფრო მეტად გამახვილებით ალტერნატიული მასალები მოვიძიოთ.”

იმ ბრენდებს შორის, რომლებმაც ვალენტინოს მსგავსად ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადეს, ისეთ მნიშვნელოვან სახელებს ვხვდებით, როგორებიცაა: Versace, Burberry, Balenciaga, Prada, Armani, Maison Margiela, Alexander McQueen, Michael Kors, Chanel და ა.შ.

Valentino FW 2019 Couture © Flaunt

გარდა აღნიშნული გადაწყვეტილებისა, ვალენტინოს მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. 2024 წლიდან იტალიური მოდის სახლი დამატებით ხაზს, Red Valentino-ს, ხურავს და ძირითად ხაზზე კონცენტრირებას აპირებს.

უფრო ბიუჯეტური, ახალგაზრდული ხაზი – RedValentino პირველად 2003 წელს გამოვიდა და მოიცავს როგორც ტანსაცმელს, ისე აქსესუარებს. ამ მარკით ბოლო კოლექციის შეთავაზება 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე იგეგმება.