დიდი ხანია, Super Bowl გასცდა სპორტული მოვლენის სტატუსს და ის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებად იქცა – ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, ის გრანდიუზული მუსიკალური შოუა, რომელიც მატჩის ტაიმებს შორის იმართება. წელს, Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი გმირის ამპლუაში კანადელი არტისტი The Weeknd წარსდგა. ის იმ პოპულარული მუსიკოსების სიას მიემატა, რომლებმაც წლის მნიშვნელოვანი სპორტული მატჩი კიდევ უფრო შთამბეჭდავ მოვლენად აქციეს.

თუმცა, The Weeknd-მა Super Bowl-ის მუსიკალური შოუების ხანგრძლივი ტრადიცია დაარღვია და აუდიტორიის გასართობად შექმნილი სანახაობრივი ნომრების მაგივრად, დიდი პერფორმანსი წარუდგინა, რომელიც საკუთარ ამბავს ყვებოდა. ეს იყო ისტორია მისი, როგორც არტისტის მოღვაწეობის, კარიერის დაწყების მომენტიდან დღემდე. შოუ The Weeknd-ის 2016 წლის ჰიტის, Starboy-ის შესრულებით გაიხსნა. სცენის დეკორაცია ლას ვეგასის იმიტაციას ქმნიდა, რომლის ესთეტიკაც არტისტის ბოლო მუსიკალურ ვიდეოებში დომინირებს.

სცენაზე გამოჩნდა მოცეკვავეების ჯგუფი, რომლებიც მუსიკოსის ცნობილ სასცენო იმიჯს იმეორებდნენ და სახვევებით ჰქონდათ სახე დაფარული. მუსიკალური ნომრების მიმდინარეობისას, გამოჩნდა ორკესტრიც. პერფორმანსზე კიდევ ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი ისევე, როგორც სასცენო კოსტიუმებზე. არტისტი Givenchy-ის სამოსით წარსდგა, რომლის დიზაინზეც მოდის სახლის ამჟამინდელმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა მეთიუ უილიამსმა იმუშავა.

დიზაინერმა სასცენო ნომრებისათვის ორი კოსტიუმი შექმნა. როგორც უილიამსმა მოდის პრესასთან საუბრისას აღნიშნა, The Weeknd-ს ნათელი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი ვიზუალი სცენაზე, ის არტისტის ბოლო დროინდელი იმიჯის ესთეტიკის და შინაარსის ერთგვარი გაგრძელებაა.

მეთიუ უილიამსი:

„პოდიუმზე მოდელის ჩაცმა ემსახურება მიზანს, რომ შენი ხედვა სრულად გაცოცხლდეს, მუსიკოსისათვის კოსტიუმის შექმნა კი სრულიად სხვა პროცესია – ის მჭიდრო კავშირში უნდა იყოს იმ პერსონაჟთან, რომელსაც ეს ხელოვანი თავისი შემოქმედებით ქმნის, თუმცა, ამავდროულად მოდის სახლის ხედვაც უნდა შეინარჩუნო. ასეთ დროს, იდეალური ბალანსის პოვნაა საჭირო. რამდენიმე ზარის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ Givenchy 70-იანების ლუქის ვერსიას თავისებური ხელწერით შექმნიდა“.

კოსტიუმების შექმნას 250 საათი დასჭირდა. როგორც Givenchy-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა თქვა, განსაკუთრებული სირთულე COVID-19-ის გავრცელების შედეგად დაწესებული რეგულაციების გამო შეიქმნა – მისი გუნდი ფიზიკურ შეხვედრებს ვერ ახერხებდა, იყო სხვა დაბრკოლებებიც, რის გამოც სამოსის შექმნის პროცესი უფრო ნელა წარიმართა, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში იქნებოდა შესაძლებელი. საბოლოოდ, როგორც უილიამსმა განმარტა, The Weeknd-ის სასცენო კოსტიუმები მისი, როგორც დიზაინერის ხედვის ერთ მთავარ დეტალს სრულყოფილად გადმოსცემს – ეს არის სამოსი, რომელსაც ადამიანის ხელი ქმნის.

იხილეთ The Weeknd-ის პერფორმანსი სრულად