შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ სოციალური მედიის ეპოქასთან ერთად, ჩვენ სატელევიზიო შოუების დეკადაში ვცხოვრობთ. ვიდეოების გაზიარების ონლაინ პლატფორმებმა, სტრიმინგ სერვისების განვითარებამ, სერიალების ყურება ერთგვარ რიტუალადაც კი აქცია. და როცა ვსაუბრობთ სერიალების, როგორც თანამედროვე ეპოქის შეუცვლელი პროდუქტის საინტერესო გზაზე, შეუძლებელია Netflix არ გაგავახსენდეს – ინტერნეტ ტელევიზიის უმსხვილესი ქსელი, მედია გიგანტი, რომელმაც მომხმარებელს ფილმებისა და სატელევიზიო შოუების წარმოუდგენლად დიდი არქივი შესთავაზა. ის ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელმაც ავტორიტეტული მედიის და გავლენიანი კრიტიკოსების ყურადღება მიაპყრო სერიალებისაკენ. სწორედ Netflix-ის პროექტია სერიალი, სახელწოდებით – The Queen’s Gambit, რომელიც შემოდგომის სეზონის ჰიტად იქცა.
24 წლის ამერიკელმა ანია ტეილორ-ჯოიმ The Queen’s Gambit-ში 60-იან წლების გენიოსი ქალი მოჭადრაკე – ბეთ ჰარმონი განასახიერა. როლი იმდენად ექსპრესიული აღმოჩნდა, რომ უამრავ მაყურებელს ეგონა, ჰარმონი რეალური ფიგურა იყო. სინამდვილეში, სიუჟეტი უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული და შესაბამისად, მთავარი გმირიც ლიტერატურული ნაწარმოების გამოგონილი პერსონაჟია. სიუჟეტი აერთიანებს იდენტობის ძიების პროცესს, დამოკიდებულებას, შეპყრობილ მდგომარეობას და ფემინისტური იდეების მდგომარეობას 60-იან წლებში, კოტრკულტურული რევოლუციის შემდეგ. ამ ყველაფრის განსახიერება კი, სწორედ ბეთ ჰარმონია. უკვე გასაგებია, რამხელა მისია დაეკისრა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს, მისი მთავარი დამხმარე კი, იდეალურად შერჩეული კოსტიუმები აღმოჩნდა. ეს კი ბერლინში მოღვაწე დიზაინერის – გაბრიელე ბაინდერის დამსახურებაა. როცა უმშვენიერსი ანიას მეტყველ სცენებს ვხედავთ, ამ ემოციებს, შესაძლოა, ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც ამძაფრებს მისი ჩაცმულობა, რომელიც ყველა ღირებულებასთან ერთად, ფარულ, თუმცა, ძლიერ მესიჯებსაც ატარებს.
კოსტიუმების კონცეფციაზე და მუშაობის პროცესზე გაბრიელე ბაინდერი ამერიკულ VOGUE-ს ესაუბრა.
“ჩემი ამოცანა, როგორც ყოველთვის, იყო დამეკავშირებინა კოსტიუმები ისტორიასთან, ეს პროცესი ხანგრძლივია და ცხადია, იწყება სცენარის წაკითხვით. ამოსავალი წერტილი, თუ როგორ უნდა შემექმნა კონცეფცია, იყო შემდეგი – დავიწყე ფიქრი იმაზე, რა ხდის მოჭადრაკეებს უნიკალურად და რა აქცევს მათ საინტერესო ადამიანებად. მე დავიწყე წარსულის შესწავლა, იმ მესიჯების აღმოჩენა, რომლებსაც გასული დეკადების წამყვანი დიზაინერები მალავდნენ თავიანთ სამოსში. ვსწავლობდი ისეთი დიზაინერების შემოქმედებას, რგოორიც არის, მაგალითად, ანდრე კურეჟი (André Courrèges). ამის პარალელურად, ჩემი ყურადღება მიპყრობილი იყო ისეთი უმშვენიერესი ტალანტების და მათი სტილის მიმართ, როგორებიც არიან ჯინ სიბერგი, ედი სედვიკი. სწორედ მათ გავს ანია ტეოლორ-ჯოი. ის არაჩვეულებრივია, ზუსტად გრძნობს სწორ დროს და შეუძლია პატარა მასალისაგან, დიდ შედეგს მიაღწიოს. მან საოცარი ოსტატობით დაიკავშირა კოსტიუმები სხეულთან და ორგანულ ნაწილად აქცია”
ბიტნიკების სტილის სამოსიდან დაწყებული, ნაზი ე.წ. Chic კაბებით დასრულებული, სერიალის მთავარი გმირი ისე ფლობს თავის თავს, თითქოს ყოველ ჯერზე, მხოლოდ და მხოლოდ, ვიზუალითაც კი ანადგურებს კაც მოწინააღმდეგეებს. კოსტიუმების დიზაინერმა სერიალის თაყვანისმცემელებს, მისი და The Queen’s Gambit-ის შემოქმედებითი გუნდის რჩეული კოსტიუმები გაუმხილა და მათი გზავნილები განუმარტა.
სკოლაში სწავლისას, მთავარი გმირი გრძნობს, რომ ის განსხვავდება თანატოლებისაგან და ეძებს ვინმეს, ან რამეს, რასთანაც სიახლოვეს იგრძნობს. ამ სცენაში იმ ხასიათთან გრძნობს კავშირს, რასაც მანეკენისათვის ჩაცმული კაბა ატარებს. ბეთ ჰარმონისათვის ეს მოდელი, მისი პრინტები ჭადრაკთან ასოცირდება, შედგება ნიუანსებისგან, როგორც თავად თამაში და ჭადრაკში კი, სწორედ ნიუანსები განსაზღვრავს საბოლოოდ თამაშის ბედს.
50-იანი წლბის რეფერენსებზე ფიქრისას, ჯინ სიბერგი მედგა თვალწინ, ისიც, ბეთ ჰარმონის გმირის მსგავსად, აუთსაიდერი იყო. ნიუ იორკის ლუქებისთვის კი, ედი სედვიკის სტილი გახდა შთაგონება. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, Biba-ს სტილის სამოსიც ჩავრთე გმირის ვიზუალში. ამან კარგად გამოხატა აუთსაიდერი, საინტერესო და განსხვავებული ადამიანი, რომელიც თავის გზაზე მტკიცედ მიდის.
მნიშვნელოვანი იყო კონტრკულტურული რევოლუციის გავლენაც. სერიალის კიდევ ერთი საინტეერსო პერსონაჟის – ბენი უოტსის კოსტიუმებზე მუშაობისას, გადავწყვიტე, რომ მის სტილს საერთო ჰქონოდა ენდი უორჰოლის საკულტო სახელოვნებო სივრცესთან. Factory ამ პერიოდში კულტურული და მუსიკალური სცენის ერთგვარი იმიჯი იყო.
განსაკუთრებით მიყვარს მაისური, რომელიც ანდრე კურეჟის სილუეტით შეიქმნა. ეს არის თავისუფალი სტილის სამოსი, თუმცა, ამავდროულად – ნაზი და ელეგანტური. ეს კოსტიუმი იმდენად მომეწონა, რომ სერიების განმავლობაში, სხვადასხვა სამოსთან შეხამებით გამოვიყენე. მაისურით შექმნილი ლუქი ახალგაზრდული და თავისუფალი სულის ერთგვარ ვიზუალურ სიმბოლოდ იქცა. ეს არის სტილი, რომელიც დროს უძლებს და თანამედროვე ეპოქაშიც აქტუალურია.
კაბა, რომელიც ანია ტეილორ-ჯოის პერსონაჟს საფრანგეთის ტურნირის დროს აცვია, პირადად ჩემი ფავორიტია. ის ძალიან ჰგავს პიერ კარდინის მოდელს და ატარებს ისეთ დახვეწილ ვიზუალს, როგორიც დღეს თითქმის აღარ არსებობს.
ქურთუკი, რომელიც მოსკოვში ყოფნისას აცვია, კავშირშია იმ მიზეზთან, რატომაც ამ დედაქალაქშია – ჭადრაკის ტურნირთან. ქურთუკის პრინტებიც, ზემოთხსენებული კაბის მსგავსად, კავშირშია ჭადრაკთან. გარდა ამისა, ეს მოდელი თავდაჯერებულობას და სიმტკიცეს უსვამს ხაზსს.
მოსკოვში, ტურნირის უკანასკნელი შეხვედრისას, აცვია კოტიუმი, რომელიც კავშირშია იმ კაბასთან, რომლითაც პატარა ბეთი პირველ ეპიზოდში ჩდება. ეს არის კაბა, რომელიც დედამ შეუკერა და მისი სახელი ამოქარგა. კაბის ფერი, მთავარი გმირისათვის, სახლის აღქმასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ, უკანასკნელ თამაშზე, ამავე ფერის სამოსით გამოცხადდება. ეს ხაზს უსვამს იმ მომენტის მნიშვნელობას და ემოციურ დატვირთვას, როცა გმირი სახლში დაბრუნებისათვის ემზადება.
ბოლო სცენაში, ანია ტეილორ-ჯოის გმირი ჩნდება თეთრი ფერის შარვლით, მოსაცმელით, ფეხსაცმლითა და ქუდით. მისი ჩაცმულობა მთლიანად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. ამით, პერსონაჟი გამოხატავს იდეას, რომ ის ჭადრაკის დედოფალია, ხოლო ჭადრაკის დაფა თავად ამ სამყაროს ერთგვარ სიმბოლიკას ქმნის.