ადამიანი, არსებობის პირველი დღიდან, კონკრენტულ გარემოშია. ცივილაზაციების, სხვადასხვა ერების, კულტურების გაჩენის შემდეგ, კონკურენციამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე შეიძინა და საბოლოოდ, განვითარების და წარმატების ერთგვარ წინაპირობადაც იქცა. მოდა არ არის რინგი, სადაც ორი ძლიერი მოკრივე ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდება, მაგრამ ინდუსტრია, რომლის პოპულარობა მუდმივად მზარდია, ხოლო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება, შეუძლებელია არ დავახასიათოთ, როგორც კონკურენტული.
მსოფლიოში, ყოველდღიურად, უამრავი ახალი დიზაინერი იწყებს მოღვაწეობას, ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის, ისეთ გარემოში, სადაც არსებობენ: Dior, Chanel, Gucci, Prada, Balenciaga, Yves Saint Laurent და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული ბრენდები. მაღალი მოდის სამშობლო რომ ევროპაშია და ამ ინდუსტრიის საფუძვლებს, სწორედ ევროპის კონტინენტზე ვხვდებით, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა ხელოვნების ეს დარგი მსოფლიოს სხვა წერტილებშიც არანაკლებ პოპულარულობით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, ევროპელი დიზაინერების დომინანტურ პოზიციაში ყოფნამ, განაპირობა ის, რომ მათი გავლენა შესამჩნევია თითქმის ყველგან და ხშირ შემთხვევაში, ახალი ბრენდები, რომელთა ფესვები არა ევროპას, არამედ სხვა რეგიონს უკავშირდება, სწორედ ევროპული კულტურით და მოდით იკვებებიან.
ასე იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ერთ ჩვენებამდე, რომელიც 1973 წლის 28 ნოემბერს, საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში გაიმართა. სწორედ ეს თარიღი შეგვიძლია დავასახელოთ დღედ, როდესაც „ამერიკული მოდა“ შეიქმნა ისეთი სახით, როგორსაც მას ვიცნობთ. მოდის ლეგენდარული ამერიკელი პუბლიცისტის, ელეონორ ლამბერტის და ვერსალის კურატორის, ჟერალდ ვან დერ კემპის ორგანიზებით, 5 ფრანგი (ივ სენ ლორანი, იუბერ დე ჟივანში, პიერ კარდენი, ემანუელ უნგარო და მარკ ბოენი, რომელიც იმ დროს დიორის მოდის სახლისთვის ქმნიდა კოლექციებს) და 5 ამერიკელი (ოსკარ დე ლა რენტა, სტეფან ბაროუზი, როი ჰალსტონი, ბილ ბლასი და ენი კლეინი , რომელსაც დამხმარედ თან ახლდა თავისი ასისტენტი, დონა კარანი) ერთი ჩვენებისთვის გაერთიანდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შოუს ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს ვერსალის სასახლის რესტავრირებისთვის საჭირო თანხის შეგროვება წარმოადგენდა, ყველა ამერიკელი მონაწილე და ორგანიზატორი, განსაკუთრებით კი, ელეონორ ლამბერტი, ხვდებოდა, რომ ჩვენება ვერსალში, ეს, პირველ რიგში, იყო შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამერიკული მოდა ევროპელი დიზაინერების ჩრდილიდან გამოსულიყო.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ჰალსტონი, რომელიც თავიდან მონაწილეობაზე უარს ამბობდა, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დათანხმდა შეთავაზებას – მას სურდა დაემტკიცებინა, რომ ამერიკაშიც არსებობენ ნამდვილი არტისტები, რომლებიც ქმნიან ავთენტურ კოლექციებს. აღსანიშნავია, რომ 1970-იანი წლები, ზოგადად, გარდამტეხი პერიოდი გამოდგა ამერიკის ისტორიაში, გააქტიურდა ქალთა მოძრაობა, ვოგის ყდებზე შავკანიანი მოდელები გამოჩნდნენ, დისკო კულტურის პოპულარობამ კლუბური ცხოვრება განავითარა, შეიქმნა სტუდიო-54, მოვლენების დრამატულ ცვლილებას არ ჩამორჩა მოდის ინდუსტრიაც და დიზაინერების ძველი თაობა, რომელიც, მეტწილად, ევროპულ კოდებს მიჰყვებოდა, ახალმა სახეებმა ჩაანაცვლეს.
70-იანი წლების, ახალი თაობის ამერიკელმა დიზაინერებმა გაიაზრეს მთავარი, რომ მოდა, საზოგადოებასთან ერთად, ყოველდღიურად იცვლება და იმისათვის, რომ იყოს ავთენტური, ის უნდა ერგებოდეს თანამედროვე სოციალურ-კულტურულ რეალობას.
Battle of Versailles, Versailles Battle of Versailles, Versailles Battle of Versailles, Versailles
როგორც უკვე ითქვა, 1973 წლის 28 ნოემბერს, ვერსალში, ამერიკა ხუთმა დიზაინერმა წარადგინა. ისინი ელეონორ ლამბერტმა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩია. ლამბერტის გადაწყვეტილება, იმ პერიოდისათვის, განსაცვიფრებლად გონივრული და პროგრესული იყო. თუ ფრანგულმა მხარემ აქცენტი მსგავსი სტილის მქონე კუტიურიებზე შეაჩერა, ელეონორმა ყურადღება დიზაინერების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა. ის დარწმუნებული იყო, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური, განსხვავებული და გამორჩეული ხედვა უნდა ჰქონოდა. მეტიც, ლამბერტის კატეგორიული მოთხოვნით, ხუთეულში აღმოჩნდა აფრო-ამერიკელი დიზაინერი, სტეფენ ბაროუზი. შავკანიან დიზაინერთან ერთად, ამერიკულმა გუნდმა საფრანგეთში, კოლექციების წარსადგენად 11 შავკანიანი მოდელიც ჩაიყვანა, ეს კი, მრავალმხრივ, უპრეცედენტო მოვლენა იყო მაშინდელ ევროპულ მოდაში.
Eleanor Lambert
„ის, რაც ამერიკელებმა ვერსალში აჩვენეს, ერთდროულად ასახავდა ამერიკულ რეალობას და მოდის მომავალს,“ – ვაშინგტონ პოსტის მოდის კრიტიკოსი, რობინ გივანი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებას 700-მდე სტუმარი ესწრებოდა და მათ შორის იყვნენ სტილის საერთაშორისოდ აღიარებული კერპები (მაგალითად, მონაკოს პრინცესა გრეის კელი) თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი მათგანი ელოდა ამერიკელების ტრიუმფს, მაშინ, როდესაც „რინგის“ მეორე მხარეს ივ სენ ლორანი და იუბერ დე ჟივენში იდგნენ, თუმცა ისინი ისტორიული პრეცედენტის მომსწრე გახდნენ.
Battle of Versailles, Grace Kelly Battle of Versailles, Grace Kelly
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პიროვნების სქესს, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას, განათლებას, ან ასაკს, თითოეულ ჩვენგანს, სხვადასხვა ქვეყანაზე, გვაქვს გარკვეული წარმოდგენა. ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული მახასიათებელი და ღირსება, რაც მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანს ამ ზე-სახელმწიფოს ხსენებაზე გონებაში უტივტივდება, არის თავისუფლება. 1973 წლის 28 ნოემბერს, ფრანგებმა აჩვენეს თავიანთი ბრწყინვალე წარსული ოტ კუტიურში, ხოლო ამერიკელებმა – მომავალი, რომელიც იმ პერიოდის ფრანგული ოტ კუტიურისგან განსხვავებით, თავისუფალი იყო ელიტური, ექსკლუზიური და ჩარჩოებში მოქცეული დოგმებისგან. სწორედ თავისუფალმა და მრავალფეროვანმა ხედვამ დიზაინში, შექმნა მუხტი და ენერგია, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა ამერიკელების ტრიუმფში. მაშინ, მოდის ინდუსტრიამ, პირველად იხილა მოდა, რომელიც ავთენტურად იყო ამერიკული.
ჩვენება ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “The Battle of Versailles”, მას შემდეგ, რაც მოდის პრესის გავლენიანი გამოცემის, WWD-ის ლეგენდარულმა რედაქტორმა, John B. Fairchild-მა ამ სიტყვებით დაახასიათა ნანახი შოუ. სამწუხაროდ, ჩვენების სრული ჩანაწერი არ მოიპოვება, თუმცა მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოდური მოვლენის შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, მათ შორის არის: “Battle At Versailles: The Competition that Shook the Fashion Industry.”