Temu-სა და Shein-ის შესახებ ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ცნობილია. ჩინური სავაჭრო აპლიკაციები, რომლებიც ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მათთვის საჭირო ნივთებს, დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად.

საერთაშორისო მასშტაბით Temu-სა და Shein-ის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, ქვეყნებისა და ორგანიზაციების ნაწილი, ჩინური აპლიკაციების საკუთარ სტანდარტებთან შესაბამისობას იკვლევს. ევროკავშირის ტექნოლოგიური რეგულატორების მიერ, Temu-სა და Shein-ს დაევალათ ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ შეესაბამებიან ისინი ევროკავშირის ონლაინ კონტენტის წესებს.

ორივე კომპანია ექვემდებარება მკაცრ მოთხოვნებს ციფრული სერვისების აქტის მიხედვით, როგორიცაა მეტის გაკეთება მათ პლატფორმებზე უკანონო და მავნე კონტენტის დასაძლევად. ამ ყველაფერს კი, ისევ და ისევ, აპლიკაციების პოპულარობა და მათი მომხმარებლების ყოველდღიურად მზარდი ციფრი განაპირობებს.

ევროკომისიის განცხადებით, Temu-სა და Shein-ს გაეგზავნათ კითხვები, თუ როგორ აწვდიან მომხმარებლებს ინფორმაციას არალეგალური პროდუქტების შესახებ, როგორ იცავენ მათ შესაძლო თაღლითობისაგან. ევროკავშირის ტექნოლოგიური რეგულატორები აგრეთვე დაინტერესებულები არიან, თუ როგორ იცავენ ჩინური კომპანიები არასრულწლოვნებს, რამდენად გამჭირვალეა სარეკომენდაციო სისტემები აპლიკაციაში და რამდენად თავისუფალია მოვაჭრეების მიკვლევადობის საკითხი.

ყველა საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად Temu-სა და Shein-ს ვადად 12 ივლისი განესაზღვრათ.