კოსმოსური ეპოქა მაშინ დაიწყო, როდესაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი პირველად იქნა გაშვებული კოსმოსში. მოგვიანებით ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში, რაც 1969 წლის 20 ივლისს ადამიანების მთვარეზე პირველი გადასვლით დაგვირგვინდა. მოდა ყოველთვის პასუხობდა იმას, რაც რეალურ სამყაროში ხდებოდა, შესაბამისად, კოსმოსურ ეპოქას მოდაში შეღწევის გარეშე არ ჩაუვლია და თუ აქამდე Sci-Fi მხოლოდ ლიტერატურული ან კინო ჟანრი გეგონათ, გეტყვით, რომ ის მოდაშიც არსებობდა. კოსმოსური ეპოქის პიონერი დიზაინერები იყვნენ: პიერ კარდენი, პაკო რაბანი და ანდრე კურეჟი.
პიერ კარდენი აქტიურად იკვლევდა მომავლის ლუქებს. ის შეპყრობილი იყო კოსმოსით და ეს ობსესია მის შემოქმედებაშიც აისახა. კარდენი იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, რომელიც უნისექს სამოს ქმნიდა, ის ხშირად უგულებელყოფდა ქალის სხეულის ფორმებს, იყენებდა მეტალს და პლასტმასს. მისი მოდელები კაშკაშა ვინილის, ვიწრო კომბინიზონებში იყვნენ გამოწყობილნი. კარდენი დიორისა და სკიაპარელის ასისტენტი იყო, სწორედ მან გამოჭრა პირველად დიორის საკულტო “Bar Jacket”.
“სამოსს, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ, იმ ცხოვრებისთვის ვქმნი, რომელსაც ჯერ არ უარსებია – ხვალინდელი სამყაროსთვის“ – პიერ კარდენი
კოსმოსური ერის ფუტურისტული დიზაინერების რიგებს მიეკუთვნება პაკო რაბანიც. პაკო ესპანელი კუტიურიე იყო, რომელიც, პირველ რიგში, მეტალის სამოსთან ასოცირდება. მისი სილუეტები და ტექსტურები დროს წინ უსწრებდა. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ისეთ დიზაინერებზე, როგორებიც არიან: ჯანი ვერსაჩე, თიერი მუგლერი, კლოდ მონტანა და აზადინ ალაია.
„ის კუტიურს არ ქმნის. ის ლითონის დამმუშავებელია“ – კოკო შანელი
ანდრე კურეჟი კოსმოსური ეპოქის მოდის ნათლიად ითვლება. მან 60-იანების სილუეტები და გეომეტრიული ფორმები გააერთიანა, ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა. WWD მის შესახებ წერდა: „მისმა 1964 წლის კოლექციამ რადიკალურად განსაზღვრა იმ დროის მოდა ფუტურისტული ლუქებით – განსხავებული ჭრები, მოკლე, A-ს სილუეტის კაბები, ნაქსოვი სვიტრები, მოტკეცილი შარვლები, სათვალეები და ასტრონავტის ჩაფხუტები. კურეჟი სანამ თავის ბრენდს დააარსებდა ბალენსიაგას მოდის სახლის წევრი იყო 10 წლის განმავლობაში. ანდრეის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ისეთივე აბსურდად მიაჩნდა, როგორც ლოტოსის ტერფები აზიელ ქალებში, ამიტომ მის მოდელებს მერი ჯეინის ფეხსაცმელები ან თეთრი ჩექმები ეცვათ. კურეჟი დიდი რაოდენობით იყენებდა თეთრს.
‘’რაღაცები ისევ ისეთი აღარ ყოფილა კურეჟის აფეთქების შემდეგ“ – ივ სან ლორანი