მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აუქციონის სახლი – Sotheby’s  ცნობილი მოდის სახლის, Maison Margiela-ს უნიკალური ნივთების აუქციონს აწყობს. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება 1989 წლიდან, 2006 წლამდე პერიოდში შექმნილი ორასამდე უნიკალური მოდელი, პირადი კოლექციონერის არქივიდან. ნიმუშები გააერთიანებს ლეგენდარული ბელგიელი დიზაინერის ყოველდღიურ, ე.წ. Ready-to-wear და ოტ კუტიურ კოლექციების სამოსს. აუქციონი ონლაინ რეჟიმში “სოთბის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე 3 მარტიდან, 9 მარტის ჩათვლით გაიმართება.

მარტინ მარჯიელა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა. მისი კარიერა 1985 წელს დაიწყო, როცა პარიზში, ჟან პოლ გოტიემ ასისტენტად აიყვანა. 1988 წელს, საკუთარი მოდის სახლი – Maison Martin Margiela დააფუძნა. მარჯიელა მოდის სამყაროს ყველაზე იდუმალ დიზაინერად მიიჩნევა – ის არასდროს კონტაქტობს მედიასთან, არ ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე და უარს ამბობს ნებისმიერი სახის ინტერვიუზე. 2019 წელს, გამოვიდა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Martin Margiela: In His Own Words, რომელიც დიზაინერის შემოქმედებითი კარიერის საინტერესო ამბავს უყვება მაყურებელს.