გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Zara და H&M, საფუძველი ჩაუყარეს სწრაფი მოდის ფენომენს, ისმის კითხვა – რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს სწრაფი მოდა?

თავდაპირველად, სწრაფ მოდას არა Fast Fashion-ს, არამედ “Instant Fashion”-ს (მომენტალურ მოდას) უწოდებდნენ. ამანსიო ორტეგა, „ზარას“ დამფუძნებელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 1980-იან წლებში, მაღალი მოდის სახლების შემოთავაზებული კოლექციების არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ანალოგები შექმნა, არამედ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, ტანისამოსის წარმოებისათვის საჭირო დრო თითქმის გაანახევრა. შედეგად, მაშინ, როდესაც მაღალი მოდის ბრენდები კოლექციებს პოდიუმზე წარდგენიდან 6 თვეში უშვებენდნენ გასაყიდად, რადგან მათ შექმნასა და მასობრივ წარმოებას დრო სჭირდებოდა, Zara კოლექციების მაღაზიებში განთავსებას კვირებში ახერხებდა.

„მომენტალურმა მოდამ“ გაამართლა. მეტიც, 2023 წელს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, წარმოების დრო თვეებიდან და კვირებიდან 3 დღემდე შემცირდა. Business Insider -ის ცნობით, ჩინური სწრაფი მოდის კომპანია Shein პროდუქტის წარმოებასა და გასაყიდად განთავსებას, ხშირად, მხოლოდ სამ დღეს ანდომებს. ამ სტატიაში სწორედ Shein-ის ისტორიას გიყვებით.

Shein-ის დამფუძნებელი – Chris Xu

Sheinside – ამ სახელწოდებით დაიწყო 2008 წელს Shein-ის მრავალ-მილიარდიანი ბიზნესი, რომლის ღირებულება უკვე აჭარბებს Zara-სა და H&M-ის ღირებულებას. დამფუძნებელი, ჩინელი ანტრეპრენერი Chris Xu გახლავთ, რომლის თავდაპირველი მიზანი საქორწილო კაბების ონლაინ მაღაზიის შექმნა იყო. პირველი ხუთი წელი Sheinside ჩინეთში შეკერილ საქორწილო კაბებს ყიდდა. 2012 წლის ბოლოდან, კომპანიაში ცვლილებები დაიწყო, რასაც მოჰყვა რებრენდინგი და 2015 წელს, Sheinside გახდა Shein. რებრენდინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გასაყიდი პროდუქციის გამრავალფეროვნება იყო, ტანისამოსიდან საყოფაცხოვრებო ნივთებამდე. „ჩინეთის პასუხი ამაზონზე“ – სწორედ ასე ხედავდნენ Shein-ის ხელმძღვანელები თავიანთ კომპანიას, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წლამდე,ეს ყოველივე ზედმეტად ამბიციურად ჟღერდა. Shein წარმატებული იყო, თუმცა არა გლობალურად.

2020 წლიდან, კოვიდ-პანდემიის გამოცხადებამ და გადაადგილასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებამ, ონლაინ ვაჭრობის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზარდა. ამ პერიოდიდან აქტუალური გახდა კიდევ ერთი ჩინური კომპანია, TikTok, რომელიც თავდაყირა დააყენა სოციალური ქსელები და არა მხოლოდ. სწორედ TikTok ტრენდებს უკავშირდება Shein-ის პირველი გლობალური ნაბიჯები. ვიდეო-პლატფორმაზე, რომელსაც ამერიკასა და ევროპაში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი უყურებდა, რეკორდულ ნახვებს აგროვებდა ვიდეოები, სადაც ჩინელი ინფლუენსერები და არა მხოლოდ, ე.წ. „ანბოქსინგის“ ვიდეოებს აკეთებდნენ და ყვებოდნენ, თუ რამდენი რამ შეიძინეს 100 ან 1000 დოლარად Shein-ზე.

Shein.com

ხელმისაწვდომი ფასი რომ სწრაფი მოდის ერთ-ერთი უპირატესობაა სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ტრენდულ დიზაინთან და სისწრაფესთან ერთად, სწორედ ფასი განაპირობებს Zara-ს, H&M-ის, Mango-ს და მასმარკეტის სხვა ცნობილი ბრენდების მიმართ მოთხოვნას, თუმცა Shein-მა საფასო პოლიტიკის განსაზღვრისას კიდევ უფრო დემოკრატიული დამოკიდებულება გამოავლინა. ამ ონლაინ მაღაზიაში ჩვენ ვხვდებით ჩანთებს, ფეხსაცმელებს, კოსმეტიკას, თუ ტანისამოსს 10 დოლარზე ნაკლებად. რაც ბუნებრივია აჩენს კითხვებს, თუ რის ფასად ახერხებს ჩინური კომპანია ასეთი საფასო პოლიტიკის შენარჩუნებას. იაფი მუშახელი ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში და გარემოს დაბინძურება – ეს ის საკითხებია, რაზეც სწრაფი მოდის კომპანიებს, განსაკუთრებით კი, Shein-ს ხშირად აკრიტიკებენ და უჩივიან კიდეც. თუმცა ერთი რამ ფაქტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა Shein მეორე ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა, ხოლო 2022 წელს, Google -ში, ტანისამოსისა და აქსესუარების ბრენდებიდან, ყველაზე ხშირად სწორედ Shein -ს ეძებდნენ.

რთული წარმოსადგენია რამ შეიძლება შეაჩეროს ჩინური კომპანიის წარმატება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აქტიურად იკიდებს ფეხს მოდის ინდუსტრიაში და არამარტო. AI საოცარი სისწრაფით ახდენს ტრენდების გამოკვლევას და შემდეგ, სულ რაღაც წუთებში ახერხებს სხვადასხვა მოდელებზე მორგებას, ისე რომ კომპანიას არ სჭირდება, გადაღებისათვის მოდელის დაქირავება, მოზომება და ა.შ. სწორედ ამ გზებით, Shein უკვე სამ დღეში ახერხებს პროდუქციის წარმოებასა და გასაყიდად განთავსებას, შედეგად, ონლაინ მაღაზიაში ნახევარ მილიონზე მეტი ნივთია გასაყიდად წარმოდგენილი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.