“თბილისში პირველად არ ვარ. აქ დაახლოებით 20 წლის წინ ჩვენებისთვის ჩამოვედი, როდესაც მოდელად ვმუშაობდი,” – მიმართა ფრანგმა მუსიკოსმა იმანიმ Tbilisi Open Air-ის დასკვნით დღეს Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას. “მაშინ თქვენსავით ახალგაზრდა ვიყავი. ვმოდელობდი და ყოველდღე ვოცნებობდი მომღერლობაზე – ასეთი იყო ჩემი რეალობა. 20 წლის შემდეგ აქ უკვე როგორც მომღერალი, ისე დავბრუნდი, ამიტომ მადლობას გიხდით, რომ ჩემი ოცნების ნაწილი იყავით.” მთავარ სცენაზე მან თავისი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი “You Will Never Know” და სხვადასხვა ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსიები შეასრულა. წლების შემდეგ საქართველოში განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნებული იმანის გამოსვლა წლევანდელ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო.
გარდა იმანისა, 23-იდან 25 ივნისის ჩათვლით Tbilisi Open Air-ზე არაერთი გამორჩეული საერთაშორისო შემსრულებელი წარდგა, მათ შორის: ინგლისელი მომღერალი ტომ ოდელი, თურქული პოსტ-პანკ ბენდი She Past Away, ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow, ისლანდიური ბლუზ-როკ ბენდი Kaleo და გერმანული ელექტრონული მუსიკის სახელგანთქმული ჯგუფი Moderat. უცხოელ არტისტებთან ერთად სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თანამედროვე ქართველი მუსიკოსებისთვისაც მოესმინათ.
უკვე მე-14 წელია Tbilisi Open Air ქართველ არტისტებსა თუ ბენდებს საშუალებას აძლევს თავიანთი მუსიკა ფართო აუდიტორიას გაუზიარონ. Bedford Falls, Luna Flowers & Sabana, Circus Mircus და Skazz იმ ადგილობრივი შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც წელს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. Tbilisi Open Air, რომლის მთავარ ღირებულებს შორის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა და მრავალფეროვნებაა, 2023 წელსაც დასამახსოვრებელი თავგადასავალი იყო.
მუსიკალური ფესტივალები არამხოლოდ საყვარელი შემსრულებლების მოსმენის და ახალი არტისტების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, არამედ წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც თავისუფლებასა და თვითგამოხატვას ზეიმობს, რაც როგორც ქცევებსა და შინაგან განცდებში, ისე საფესტივალო სტილშიც ვლინდება. „მუსიკა ათავისუფლებს“ Tbilisi Open Air-ის უცვლელი სლოგანია და წელს ფესტივალის მზიან დღეებში ათასობით ადამიანი ფერადოვნებითა და ბზინვარებით გაჯერებულ თავისუფალ განწყობას ვიზუალურად გარემოებასთან შესაბამისად და საკუთარი იდენტობის ხაზგასმით ავლენდა.
Tbilisi Open Air 2023-ის სტუმრების სტილი
დღე I
ფოტოგრაფი: თორნიკე შენგელია






ფოტოგრაფი: რეზი ყენია






დღე II
ფოტოგრაფი: დათო შალიკაშვილი





ფოტოგრაფი: რეზი ყენია




დღე III
ფოტოგრაფები: გიორგი ნაკაშიძე, თორნიკე შენგელია













© Tbilisi Open Air