სტატიას წარმოგიდგენთ Mastercard.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოს ყველაზე ძველი საერთაშორისო კინოფესტივალია. ამავდროულად ის კინო სამყაროს ფესტივალების დიდ ხუთეულშიც შედის. წელს რიგით 81-ე ვენეციის ფესტივალი ტარდება. ღონისძიება 28 აგვისტოს გაიხსნება და 7 სექტემბერს დაიხურება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის წარმდგენი, ტრადიციულად, წელსაც არის Mastercard.

სანამ კინოფესტივალის 2024 წლის სეზონი გაიხსნება, გავიხსენოთ ის გზა, რომელიც ფესტივალმა გამოიარა და მოვლენები, რამაც ის კინოს, მოდის და პოპკულტურის ფენომენად აქცია.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია 1932 წლიდან იწყება. პირველად ის ვენეციის ბიენალეს ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების დაარსების იდეისა და ორგანიზების სათავეში იდგნენ ვენეციის ბიენალეს პრეზიდენტი – გრაფი ჯუზეპე ვოლპი დი მიზურატა, ცნობილი იტალიელი სკულპტორი ანტონიო მარაინი და რომის კინოს საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური მდივანი – ლუჩიანო დე ფეო. შესაბამის ინსტიტუციებთან იდეის წარდგენის შემდეგ, იტალიის უმაღლესმა ხელისუფლებამ გასცა ნებართვა, რომ ვენეციის კინოფესტივალს ოფიციალური სტატუსი მინიჭებოდა. ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 1932 წლის 6 აგვისტოს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე კინოფესტივალი არ ატარებდა საკონკურსო ხასიათს, თუმცა ის აერთიანებდა ნამუშევრებს, რომლებიც იმ პერიოდის კინო კლასიკად მიიჩნევა. პირველი ფილმი, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს, იყო რეჟისორ რუბენ მამულიანის ნამუშევარი – სახელწოდებით Dr. Jekyll and Mr. Hyde.

ფოტო არქივი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალიდან

ვენეციის რიგით მეორე კინოფესტივალი 1934 წელს გაიმართა. ღონისძიება 1-ელ აგვისტოს გაიხსნა და 20 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ამ წელს ფესტივალი პირველად მოიცავდა საკონკურსო ნაწილს. მასში მონაწილეობა ცხრამეტმა ქვეყანამ მიიღო. ღონისძიებას საერთაშორისო პრესის 300-ზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრებოდა. ამ წელს ორგანიზატორებმა აგრეთვე წარადგინეს ჯილდო სახელწოდებით La Coppa Mussolini, რომელიც საუკეთესო იტალიური და უცხოური ფილმებისათვის გაიცემოდა. 1934 წელს, ფესტივალს ჯერ კიდევ არ ჰყავდა ჟიური – პრემიებს ბიენალეს პრეზიდენტი გასცემდა ექსპერტებისა და აუდიტორიის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ.

ფოტო არქივი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალიდან

1935 წლიდან კინოფესტივალმა ყოველწლიური ღონისძიების სტატუსი მიიღო. გაიზარდა ფილმებისა და მონაწილე ქვეყნების რიცხვი და დაწესდა ჯილდო არა მხოლოდ ფილმების, არამედ მსახიობებისთვისაც. წარმოდგენილი რეჟისორების და მსახიობების სია მოიცავდა იმ დროისათვის წამყვან სახელებს. ჩვენებების დროს, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, ეკრანებიდან გამოჩნდნენ მომენტის საუკეთესო ვარსკვლავები: გრეტა გარბო, ჯოან კროუფორდი და იმ ეპოქის სხვადასხვა წამყვანი სახეები. ვენეციის კინოფესტივალის განუყოფელი ნაწილი თავიდანვე იყო წითელი ხალიჩა, რომელზეც სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები ფოტოგრაფების წინაშე ჩნდებოდნენ.

გრეტა გარბო, Grand Hotel

ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საერთაშორისო ჟიური პირველად 1936 წელს წარადგინეს. 1940-იანი წლების დასაწყისში, ვენეციის კინოფესტივალს მსოფლიო ომის გამო რამდენიმეწლიანი პაუზის აღება მოუწია. ღონისძიება 1946 წელს განახლდა. ამ წელს მსოფლიო კინოინდუსტრიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – პირველად ჩატარდა კანის კინოფესტივალი. მიიჩნევა რომ კანის კინოფესტივალის დაარსება სწორედ ვენეციის კინოფესტივალის წარმატებამ განაპირობა, ამიტომ ვენეციის კინოფესტივალს ხშირად მოიხსენიებენ კანის კინოფესტივალის “უფროს დად”.

სოფი ლორენი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე

1949 წელს ფესტივალის მთავარ პრემიად ორგანიზატორებმა “ოქროს ლომი” წარადგინეს. 1950-იან წლებში ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის გავლენა ჰქონდა. მან ხელი შეუწყო ისეთ პროცესებს, როგორიც არის მაგალითად საერთაშორისო ასპარეზზე იაპონური კინოს პოპულარიზაცია, ნეორეალისტური კინოს აქტუალობა. 1960-იანი წლების დასაწყისში ვენეციის კინოფესტივალი უკვე არაერთ სექციას მოიცავდა. ის გახდა ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი პლატფორმა ახალბედა რეჟისორებისათვის.

ფოტო არქივი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალიდან

დეკადებთან ერთად, ფესტივალი ვითარდებოდა და ის უფრო და უფრო თამამი ხდებოდა. ვენეციის კინოფესტივალმა ისტორია შექმნა, როცა 1981 წელს მთავარი პრიზი, “ოქროს ლომი”, კინორეჟისორ ქალს, მარგარეტ ფონ ტროტას გადაეცა ფილმისთვის Marianne and Juliane. 1988 წელს სწორედ ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს მარტინ სკორსეზეს კინოსურათი სახელწოდებით “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”, რაც საერთაშორისო ფესტივალისთვის იმ დროისათვის საკმაოდ გაბედულ ნაბიჯად შეფასდა. ამგვარად, წლების განმავლობაში, ფესტივალი კინომოვლენად იქცა. ვენეციის კინოფესტივალზე მოპოვებულმა წარმატებამ არაერთი დამწყები რეჟისორისა, თუ მსახიობის კარიერა ჰოლივუდსაც კი დაუკავშირა.

თანამედროვე რეალობაში ვენეციის კინოფესტივალი ის პლატფორმაა, რომელიც არა მხოლოდ კინოს, არამედ მოდის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაც მიიჩნევა. ის მეტად სანახაობრივი გახდა, წითელ ხალიჩაზე უამრავი მოდის სახლის ოტ კუტიურ კოლექციის შესანიშნავ ნიმუშს ვხედავთ, რომელსაც მოდის პრესა აქტიურად აკვირდება და აფასებს.

ზენდეია ვენეციის 2022 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე, კაბა: Balmain

2024 წელს მსოფლიო კინოსამყარო და მათ შორის დიდი ჰოლივუდი ვენეციის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ბრუნდება. პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ათეულობით ხმაურიანად დაანონსებული ფილმის პრემიერას. ეს იმას ნიშნავს, რომსაინტერესო ჩვენებები, შეფასებები, რეცენზიები და პრეს კონფერენციები გველოდება. საპრემიერო და საკონკურსო სექციაში ვხვდებით ნამუშევრებს, რომლებსაც დიდი ხანია ინტერესით ველით. მათ შორის არის ტოდ ფილიპსის 2019 წლის Joker-ის მეორე ნაწილი – Joker: Folie à Deux, რომელშიც მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ლედი გაგა ასრულებენ.

ხოაკინ ფენიქსი და ლედი გაგა ფილმში – Joker: Folie à Deux

კინო მიმომხილველი პრესა დიდი ინტერესით ელოდება კიდევ ერთ პრემიერას – რეჟისორ პაბლო ლარაინის ბიოგრაფიულ ფილმს, რომელიც მაყურებელს საოპერო ლეგენდის, მარია კალასის ცხოვრების და მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ უყვება. Maria – ასე ჰქვია დრამას, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. საპრემიერო და მთავარი საკონკურსო სექციის წამყვან ნამუშევრებში ასევე არის: ლუკა გუადანინოს Queer; პედრო ალმოდოვარის The Room Next Door, რომელშიც ჯულიანა მურის და ტილდა სუინტონის სამსახიობო პარტნიორობას ვიხილავთ; ასევე ქალი რეჟისორის, ჰალინა რეინის ნამუშევარი Babygirl, ნიკოლ კიდმანის, ჰარის დიკინსონის, ანტონიო ბანდერასის და ჯუდ ლოუს მონაწილეობით. და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – 81-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, თანამედროვე მსოფლიო კინო ლეგენდების გვერდით, წარდგენილია ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, ახალი ფილმით – აპრილი.

ანჯელინა ჯოლი ფილმში – Maria

27 აგვისტოდან 11 დღის განმავლობაში, მსოფლიო პრესის ძირითად ფოკუსში ვენეციის კონოფესტივალი იქნება. როგორც წინა წლებმა გვაჩვენა, კინოფესტივალის მსვლელობისას, წითელ ხალიჩაზე თუ საპრემიერო დარბაზში, არაერთი ისეთი მოვლენის მომსწრე გავხდებით, რომლებიც მსოფლიო პოპკულტურის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება.

Tags :