მსოფლიოში არ არსებობს სხვა ჩანთა, რომელსაც ისეთივე კულტურული მნიშვნელობა ექნება, როგორიც Hermès-ის Birkin-ს. დღეს ის სოციალური სტატუსის სიმბოლოა, თუმცა სინამდვილეში Birkin პრაქტიკული დანიშნულებით შეიქმნა. მისი ინსპირაცია მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი იყო. სწორედ ჯეინ ბირკინი იყო Birkin-ის პირველი მოდელის მფლობელიც. ახლახან, სწორედ ეს ჩანა Sotheby’s-ის აუქციონზე 10.1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
Birkin-ის ისტორია 1981 წელს იწყება, Air France-ის რეისზე, სადაც ჯეინ ბირკინი გვერდით ეჯდა Hermès-ის მაშინდელ კრეატიულ დირექტორს, ჟან-ლუი დიუმას. როცა ჯეინმა თავისი ცნობილი წნულის კალათა თვითმფრინავის სათავსო თაროზე დადო, მას ნივთები გადმოეყარა და პირდაპირ დიუმას კალთაში ჩაცვივდა. ეს იყო შემთხვევითობა, რომელმაც მოდის ისტორია შეცვალა. ჯეინი იმდროინდელი ჩანთების არაპრაქტიკულობით იყო უკმაყოფილო და დიუმას განუცხადა, რომ ვერ პოულობდა ისეთ ჩანთას, რომელიც მის ყოველდღიურ ნივთებს დაიტევდა. დიუმა ჯეინის პრაქტიკულობამ და სტილმა შთააგონა. ამის შემდეგ მან შექმნა ჩანთის ესკიზი, რომელიც ერთდროულად იყო ფუნქციური, ტევადი და ელეგანტური – სწორედ ასე დაიბადა Birkin.

1984 წელს Hermès-მა ჩანთის პროტოტიპი შექმნა და ჯეინს საჩუქრად გადასცა. ბრენდმა ვარსკვლავს ნებართვა სთხოვა, რომ მოდელისათვის მისი სახელი დაერქმიათ. მიუხედავად იმისა, რომ Hermès-მა ჯეინს შემდგომ ოთხი Birkin უჩუქა, არცერთი არ შეედრებოდა პირველ მოდელს, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო შექმნილი.
1994 წელს ჯეინმა გადაწყვიტა, ორიგინალი ჩანთა ქველმოქმედებისთვის გაეყიდა და გადასცა აუქციონს, რომელიც შიდსის წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგული ორგანიზაციის მხარდასაჭერად იმართებოდა. ის ხელახლა გაიყიდა 2000 წელს Poulain Le Fur-ის აუქციონზე და მას შემდეგ კერძო კოლექციაში ინახებოდა, სანამ 2025 წლის ივლისში Sotheby’s-ზე არ გამოვიდა და მოდის ისტორიაში რეკორდულ ნიშნულს არ მიაღწია.

Birkin-ის პირველი ჩანთა თავისი ისტორიით და მახასიათებლებით უნიკალურია, თუმცა მოდის ინდუსტრიაში, მხოლოდ შთამაგონებელი ისტორია არ არის საკმარისი, რომ ქმნილება ისეთ საკულტო ფენომენად იქცეს, როგორადაც დღეს Hermès-ის Birkin-ს ვიცნობთ. დღევანდელი სტატუსის მიღწევამდე ჩანთის მოდელმა საინტერესო გზა გიარა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პოპ კულტურის გავლენასთან. 90-იან წლებში Birkin ყურადღების ცენტრში მოექცა და მისი პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა. შედეგად, ის ვარსკვლავების რჩეულ აქსესუარად იქცა. როგორც ამბობენ, ვიქტორია ბექჰემი Birkin-ის ასზე მეტ მოდელს ფლობს.
2001 წელს Birkin საბოლოოდ იქცა სტატუსის სიმბოლოდ მას შემდეგ, რაც ჩანთის მოდელი გამოჩნდა საკულტო სერიალში – Sex and The City. სიუჟეტში ჩანთა მნიშვნელოვანი ელემენტი იყო: სამანტა ჯონსი ცდილობს, გვერდი აუაროს მოლოდინის ხუთწლიან რიგს და ცნობილ კლიენტს იყენებს, რათა ხელში ჩაიგდოს საოცნებო ჩანთა. ამბობენ, რომ ეპიზოდის გასვლის შემდეგ, Birkin-ის მომლოდინეთა სია სამმაგად გაიზარდა.


დღეს Hermès-ის მაღაზიაში უბრალოდ ვერ შეხვალ და ჩანთას ვერ იყიდი. იმისათვის, რომ Birkin შემოგთავაზონ, უნდა გქონდეს ბრენდის მსხვილი შენაძენების ისტორია. ასე რომ, ან უნდა ფლობდე მნიშვნელოვან სტატუსს, ან დახარჯო საკმარისად ბევრი, რათა ბრენდის მაღაზიაში ჩანთის შეძენა შეძლო. მაგრამ, ესეც კი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სასურველ ფერს ან ზომას მიიღებთ.
და მაინც, რატომ არის Hermès-ის ჩანთები ასეთი ძვირი და ექსკლუზიური? Hermès-მა ზუსტად იცის, როგორ აქციოს Birkin რთულად ხელმისაწვდომად და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც ჰაიპს ქმნის. იშვიათობა ის მახასიათებელია, რომელიც მის მფლობელს განსაკუთრებულობას აგრძნობინებს, ხოლო მომლოდინეთა სიაში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო გაუმძაფრებს სურვილს, რომ სტატუსის სიმბოლოს მფლობელი გახდეს. არც ერთ სხვა მოდის სახლს არ გააჩნია ისეთი მტკიცე მიდგომა ექსკლუზიურობის მიმართ, როგორიც Hermès-ს. კომპანია არასოდეს ასაჯაროებს იმ Birkin-ების რაოდენობას, რომელსაც წელიწადში აწარმოებს. მკაცრი კონტროლი ჩანთების განაწილებაზე და იმავე დროს, მტკიცე ყურადღება ხელნაკეთ ოსტატობაზე არის ის მიზეზი, რაც Birkin-ის მოთხოვნის სტაბილურობას განაპირობებს. ამასთან ერთად, კლიენტებს ყოველწლიურად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის Birkin-ის შეძენა შეუძლიათ, რაც ასევე აზღვევს მის იშვიათობას და ექსკლუზიურობას. ამით ბრენდი მომხმარებლებს მიანიშნებს, რომ ფულით იყიდი ყველაფერს, თუმცა ეს უპირობოდ არ ვრცელდება Birkin-ზე.

Birkin-ის პირველი მოდელის ფასი 2 000 დოლარი იყო, დღეს კი საშუალოდ 15 000 დოლარიდან იწყება და შესაძლოა, ნახევარ მილიონ დოლარსაც კი გადააჭარბოს. Birkin ზოგჯერ უკეთეს ინვესტიციადაც კი მიიჩნევა, ვიდრე ოქრო. 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში Hermès-ის Birkin-ის ღირებულება 500%-ით გაიზარდა, ანუ საშუალოდ წელიწადში 14%-ით.
Hermès-ის ჩანთები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება. მათ შორისაა ტყავი, ეგზოტიკური ცხოველების კანი, მაგალითად ნიანგის, სირაქლემისა და სხვა. პირველად Birkin-ის ჩანთა გამოჩნდა ე.წ. Calfbox ტყავით. ეს არის სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული ტყავი, ყველაზე ძველი მასალა, რომელსაც Hermès იყენებდა. მას ახასიათებს ძალიან გლუვი ზედაპირი, რაც ჩანთას განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენს. ყველა ჩანთა ექსკლუზიურად იწარმოება საფრანგეთში, 52 სხვადასხვა ლოკაციაზე. 180-დან 250-მდე ოსტატი მას ხელით ამზადებს და სწორედ ეს არის ჩანთის ღირებულების ყველაზე ხელშესახები გარემოება.
ყველა დეტალის გათვალისწინებით, Hermès-ის Birkin არის ჩანთა, რომელიც მოდის ცვალებად და ქაოსურ სამყაროში იმ ქმნილებად იქცა, რომელიც დროს უძლებს.