თინა ხუნწარია 27 წლის ფოტოგრაფი და ვიზუალური არტისტია, რომელიც ფოტოგრაფიის სამაგისტრო პროგრამაზე პრაღის ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემიაში (UMPRUM) სწავლობს. მისი ნამუშევრები აერთიანებს დოკუმენტურ და პერფორმატიულ ელემენტებს, რომლის ძირითადი ფოკუსი ფოტოგრაფიაზეა. თინა ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და არტდაირექშენის მიმართულებით მუშაობს. ის ასევე არის ჩეხური ბრენდის Jakub Patka-ს გუნდის წევრი, სადაც ფოტოგრაფიასა და კრეატიულ ციფრულ კონტენტს კურირებს.
ცოტა ხნის წინ თინამ Vogue Czechoslovakia-სთან ითანამშრომლა. მისი გადაღებული ფოტოები ჟურნალის ივლისის ნომერში დაიბეჭდა. Vogue Czechoslovakia-სთვის გადაღებული ფოტო პროექტის მიზანი იყო პრაღის კლუბური სცენის ანდერგრაუნდ და გლამურული ესთეტიკების კვეთის აღბეჭდვა.

ფოტო: თინა ხუნწარია
თინასთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პროფესიულად მოდის ავტორიტეტულ გამოცემასთან გადაიკვეთა – მისი ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებულია ჩეხურ Harper’s Bazaar-შიც. Harper’s Bazaar-თან თანამშრომლობა უნივერსიტეტის პერიოდში შედგა. მისი ატელიე ჩეხი დიზაინერის კოლექციის გადაღებაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ჟურნალმა სტატიაში გამოსაქვეყნებლად სწორედ თინას ფოტო შეარჩია.
როგორც არტისტი ამბობს, ამ გამოცდილებებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ავთენტურობის შენარჩუნება, მიუხედავად პროექტის მასშტაბისა ან წინასწარ გაწერილი სტანდარტებისა.


“შთაგონებისთვის ხშირად ვუბრუნდები მოდის არქივებს, რომლებიც ჩემთვის ფოტოებზე მუშაობისას მყარი ვიზუალური რესურსია და მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ნენ გოლდინისა და ანტუან დაგატას ფოტოგრაფიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ხედვაზე. მათი დამოკიდებულება ინტიმური და სოციალური რეალობის მიმართ ჩემთვის ყოველთვის ინსპირაციულია. ასევე ჰელმუტ ნიუტონის ნამუშევრებმაც – მის მუზეუმში ყოველი ვიზიტი მახსენებს, როგორ შეუძლია ფოტოგრაფიას ზუსტი ბალანსით გადაკვეთოს მოდა, ეროტიკა და ესთეტიკა,”– ამბობს თინა ხუნწარია.




