მიმდინარე წლის ივლისში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგი მილიარდერი, ფრანსუა ანრი პინო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰოლივუდის ტალანტების სააგენტოს, Creative Artists Agency-ს შესყიდვასთან დაკავშირებით. ახლახან ინფორმაცია დადასტურდა. როგორც Reuters, WWD, Variety და საერთაშორისო პრესის სხვა ცნობილი გამოცემები იუწყებიან, პინომ სააგენტოს საკონტროლო წილი შეისყიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, გარიგება 7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ახლადგავრცელებული პრეს-რელიზებში არ კონკრეტდება თანხა, რომელიც ფრანგმა მილიარდერმა Creative Artists Agency-ს საკონტროლო წილის შესაძენად გადაიხადა.
ფრანსუა ანრი პინო ცნობილი ფრანგული კონგლომერატის, Kering-ის მფლობელი და აღმასრულებელი პრეზიდენტია. Kering-ის მფლობელობაშია ისეთი მოდის სახლები, როგორებიცაა: გუჩი, სენ ლორანი, ბალენსიაგა, ალექსანდრ მაკქუინი, ბოტეგა ვენეტა და ბრიონი. მოდის გარდა, პინოების ოჯახი აგრეთვე ფლობს კომპანია Artemis-საც, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პრესტიჟული აუქციონი Christie’s, მეღვინეობა Chateau Latour ბორდოში და საფეხბურთო კლუბი Rennais. რაც შეეხება Creative Artists Agency-ს, CAA მაიკლ ოვიცმა და რონ მეიერმა 1975 წელს რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააარსეს და მას შემდეგ, გახდნენ ჰოლივუდის წამყვანი ბროკერები, დღეს ისინი წარადგენენ ისეთ მეგა-ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ბიონსე, ზენდეია, ჯონი დეპი, მადონა, ნიკოლ კიდმანი და ფრანსუა ანრი პინოს მეუღლე, მსახიობი სალმა ჰაიეკი.