ფრანგული კოსმეტიკისა და კანის მოვლის ინდუსტრიამ 2022 წელს 18.8%-ით რეკორდული ზრდა დააფიქსირა, განსაკუთრებით სუნამოებისა და სახის მოვლის პროდუქტების კატეგორიაში. 12 თვის განმავლობაში, ექსპორტზე გასული პროდუქტებიდან შემოსავალმა 19.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

“აღნიშნულმა მაჩვენებელმა საფრანგეთის, როგორც სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქვეყნის სტატუსი გაამყარა.” აღნიშნა WWD-სთან საუბარში საფრანგეთის სილამაზის ასოციაციის წარმომადგენელმა.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს ექსპორტზე გასული პროდუქტების გაყიდვებიდან შემოსავალი 15.6 მილიარდი დოლარი იყო, რამაც სილამაზის ინდუსტრია საფრანგეთის რიგით მესამე ყველაზე დიდ საექსპორტო ინდუსტრიად აქცია, აერონავტიკისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიების შემდეგ.

ევროპის კონტინენტი 37%-ით, ფრანგული სილამაზის პროდუქტების ყველაზე დიდი ბაზარია, ხოლო ქვეყნებიდან კი, ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანიაა, საიდანაც ინდუსტრიის მოგება 1.9 მილიარდ დოლარს იღებს წლიურად. გერმანულ ბაზარზე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 21%-იანი ზრდა შეინიშნა. ჯამში, 2021 წელთან შედარებით, 2022-ში ევროპაში 24.2%-იანი ზრდაა. მხოლოდ პარფიუმის პროდუქტებზე მოთხოვნა 33%-ითაა გაზრდილი.

(c) La Roche-Posay

მეორე და მესამე ადგილზე, ზრდის მიხედვით, ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებია. 2020 და 2021 წლებთან შედარებით, ამერიკამ აღნიშნულ სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რის შედეგადაც ჩინეთი მესამე ყველაზე დიდ ბაზრად იქცა. მოთხოვნა ასევე ზრდადია ახლო აღმოსავლეთში.