რამდენადაც სმარტფონები და თანამედროვე გაჯეტები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, არ არის გასაკვირი, რომ ბოლო წლებში, მოდის ინდუსტრია უფრო მეტად ადაპტირდება ტექნოლოგიასთან. მაგალითისათვის, საკმარისი იქნება გავიხსენოთ Gucci-ის თანამშრომლობა Snapchat-თან – როცა იტალიურმა მოდის სახლმა ჭკვიანი სათვალის დიზაინი შექმნა. ან, თუნდაც, Apple x Hermès-ის კოლაბორაციით გამოშვებული ჭკვიანი საათის ექსკლუზიური მოდელი.

მოდა და ტექნოლოგიები, ამჯერად, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ერთმანეთთან – Prada-მ თანამედროვე მომხმარებლისათვის საინტერესო აქსესუარი წარადგინა. ეს არის სამაჯური, რომელშიც ამავდროულად, უსადენო ყურსასმენების – AirPods-ის ქეისის მოთავსებაა შესაძლებელი.

სამაჯური შედგება ტყავის მანჟეტის და მეტალის სათავსოსაგან, რომელზეც Prada-ს ლოგოა ამოტვიფრული. სწორედ ეს სათავსოა AirPods-ის ქეისი შესანახად განკუთვნილი. ამგვარად, აქსესუარის მფლობელი, ძვირადღირებულ მოდურ დეტალს და პრაქტიკულ ნივთს ერთდროულად ატარებს.