ჩვენი პლანეტის ეკოსისტემის საგანგაშო აწმყოსა და მომავალზე არაერთი მეცნიერი, ორგანიზაცია და აქტივისტი უკვე წლებია ხმამაღლა საუბრობს. ამ პრობლემამ გარკვეულწილად მიიქცია სხვადასხვა კომერციული ინდუსტრიის ყურადღებაც – გამონაკლისი არც მოდის სამყაროა. ეკომეგობრული წარმოება დღეს ამ სფეროში განსაკუთრებით პოზიტიურ სტრატეგიად მიიჩნევა. ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ცნობილი მოდის სახლისა თუ ბრენდის კოლექციებს, ან ცალკეულ მოდელებს, რომლებიც, მაგალითად, ოკეანეში მოხვედრილი ნარჩენების გადამუშავების შედეგად იქმნება. ამჯერად, გარემოსდაცვითი მიზნებისათვის, იტალიური მოდის სახლი და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ერთიანდებიან. პრადა და იუნესკო, საერთო ძალებით, ოკეანეების წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას შეეცდებიან.

პროექტი ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, თუმცა, მის ბოლომდე განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა. მონაწილეები არიან სხვადასხვა ქვეყნის სკოლები, რომლებიც აღნიშნულ გამოწვევებს სპეციალური საგანმანათლებლო მოდელით, პროექტითა და კამპანიით პასუხობენ. ორგანიზატორები, ამჯერად, ათ გამარჯვებულს გამოავლენენ. გამარჯვებულებს 26 მარტს დაასახელებენ. შემფასებელი ჟიური აერთიანებს, როგორც “პრადას” და იუნესკოს, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კონკურსის რჩეული მონაწილეების შემოთავაზებული კამპანიები Prada-ს და იუნესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდებ. ასევე, გამარჯვებული სკოლები ფინანსური წახალისების სახით 5,000 ევროს მიიღებენ.