19 მაისს ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის 10 ივლისიდან ფრანგული მოდის სახლის, “ბალენსიაგას” შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას პიერპაოლო პიჩოლი დაიკავებს. პიჩოლი ხსენებულ თანამდებობაზე ქართველ დიზაინერს – დემნას შეცვლის. დემნა, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს იყენებს, “ბალენსიაგას” 9 ივლისს, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შემდეგ, დაემშვიდობება და Gucci-ში გადაინაცვლებს.

Pierpaolo Piccioli

ქართველი დიზაინერი Gucci-ს შემოქმედებით დირექტორად მიმდინარე წლის 13 მარტს დასახელდა. “გუჩის” და “ბალენსიაგას” ერთი კომპანია – Kering ფლობს. Kering-მა ჯერ კიდევ უცნობი დიზაინერი – დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად 2015 წლის ოქტომბერში წარადგინა. 10 წლის განმავლობაში, დემნას ხელმძღვანელობით, Balenciaga-მ არა მხოლოდ შეაღწია მოდის უმაღლეს წრეებში, არამედ გაარღვია ინდუსტრიის საზღვრები. ეს მოდის სახლი იმდენად ზუსტად გრძნობდა მიმდინარე კულტურულ, პოლიტიკურ თუ სოციალურ ძვრებს, რომ საერთაშორისო პრესის ჰედლაინებს წლების განმავლობაში დომინირებდა, თუმცა სკანდალებმა, პოსტ-პანდემიურმა ინფლაციამ, ომებმა, გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ მოდის ბიზნესს და მათ შორის “ბალენსიაგასა” და “გუჩის” მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სეზონიდან სეზონზე მცირდებოდა გაყიდვები, ეცემოდა აქციების ფასები, რამაც Kering-ს მასშტაბური ცვლილებებისაკენ უბიძგა.

დემნა Gucci-ში, პიერპაოლო კი Balenciaga-ში – ეს მოდის ბიზნესის ახალი რეალობაა, რომელზეც ახლა ყველას განსხვავებული აზრი აქვს.

Valentino / შემოქმედებითი დირექტორი: პიერპაოლო პიჩოლი

პიერპაოლო პიჩოლი დაიბადა 1967 წლის 29 აგვისტოს, რომში, იტალიაში. პიჩოლის განათლება მიღებული აქვს რომის უნივერსიტეტში, ლიტერატურისა და მოდის დიზაინის განხრით. მან მოდაში კარიერა Fendi-ში დაიწყო, სადაც ვალენტინო გარავანის ყურადღება მიიქცია. 1999 წელს, ვალენტინომ პიერპაოლო ბრენდ Valentino-ს აქსესუარების დიზაინერად შეარჩია. 2007 წელს, მარია გრაცია ქიურისთან ერთად, პიჩოლი დაწინარუდა და Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორი გახდა. 2016 წლამდე, მარია გრაცია ქიურსთან ერთად, პიერპაოლო ხელმძღვანელობდა Valentino-ს მოდის სახლს. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ქიური “დიორის” პირველი ქალი შემოქმედებითი დირექტორი გახდა, პიერპაოლომ ვალენტინოს მართვა დამოუკიდებლად განაგრძო. იგი Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას 2024 წლის მარტამდე იკავებდა.

პიერპაოლო პიჩოლი

მოდაში მუშაობის 30 წლიანი კარიერის განმავლობაში, პიჩოლის არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის “წლის საერთაშორისო დიზაინერის” ჯილდო ბრიტანეთის და ამერიკის მოდის დაჯილდოებებზე, იგი აგრეთვე მოხვედრილია Time -ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის. პიერპაოლო ცნობილია განსაკუთრებით რომანტიკული და დახვეწილი სტილით. მისი გრაციოზული სილუეტები და ფერთა კომბინაცია გულგრილს არავის ტოვებს. „წარმატებული და პატივსაცემი დიზაინერი, ოტ-კუტიურის ოსტატი, პიერპაოლო პიჩოლი თავის უნიკალურ შემოქმედებით ხედვასა და გამოცდილებას Balenciaga-ს მოახმარს“ – ნათქვამია Kering-ის განცხადებაში.

პიჩოლის ჰყავს მეუღლე – სიმონა პიჩოლი და სამი შვილი. Balenciaga-სთვის თავის პირველ კოსტიუმებსა და შემოქმედებით ხედვას, იტალიელი დიზაინერი 2025 წლის ოქტომბერში წარადგენს.