“როცა სამოსს ვქმნი, ჩემში განსხვავებული ემოციები იჭრება: სიხარული, სიამაყე და სევდა, რომელიც ასაზრდოებს სილამაზეს და ხედვას. არის სილამაზე მელანქოლიაში. ვიყავი მელანქოლიური და მიუხედავად იმისა, რომ შევიცვალე, კვლავ მიყვარს რომანტიზმის, მგრძნობელობის, დრამის ეს მიქსტურა მეზობლად მცხოვრებ გოგოში.” – ოლივიე თეისკენსი
სწორედ რომანტიზმს, მგრძნობელობას და დრამას აერთიანებს ბელგიელი დიზაინერის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია. ოლივიეს გადმოცემული „რეტრო-ფუტურიზმი“ კუტიურიეების ნამუშევრებს და 1982 წელს გამოსულ Blade Runner-ში 2019 წლის აღქმას ეფუძნება. თუმცა კოლექციაში ყველაზე შთამბეჭდავი არა აღნიშნული რეფერნციები, არამედ 42 წლის დიზაინერის იმ პირადი ხედვის კიდევ ერთხელ გამოვლინებაა, რომლითაც ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს მოდაში ფურორით შემოიჭრა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/03/oll.jpg)
ოლივიე თეისკენსი არ არის სახელი, რომლის ხსენებაც ადამიანთან, რომელიც მოდით დაინტერესებული არ არის ახსნა-განმარტებების გარეშე არ მოგიწევს. ის არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც ლაგერფელდი, რომელზეც ტაქსის მძღოლიც კი მწუხარებით გიპასუხებს, რომ მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება ან დონატელა ვერსაჩე, რომლის ხსენებისასაც სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეს შეიძლება შეუსწოროს, რომ სწორი ვერსაჩეა და არა ვერსაჩი ან მიუჩია პრადა, რომელზეც სასურსათო მაღაზიის გამყიდველი გეტყვის, რომ მის სამოსს ეშმაკი ატარებს. არის სახელები, რომლებიც ყველასთვის ნაცნობია, მათზე სმენიათ მათაც მოდის ინდუსტრიაში რომ არ არიან დასაქმებულები, არც მაღალი მოდის ბრენდების სამოსს ყიდულობენ და არც აქტიურად ადევნებენ თვალს რას ქმნიან დიზაინერები. თეისკენსი ნამდვილად არ არის მათ რიგებში, მაგრამ ვისაც მასზე სმენია და მისი მოღვაწეობის შესახებ რამე გაეგება, შეუძლებელია გულგრილად ეყურებინა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე წარმოდგენილი ბოლო კაბისთვის, რომელიც მის 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე წარმოდგენილი ლუქების ახლებური ვერსიაა. (21 წლის თეისკენსის ეს ჩვენება ვოგის მიხედვით ოთხმოცდაათიანი წლების 25 საუკეთესო შოუს შორის არის მოხვედრილი.)
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/03/ol-1024x658.jpg)
მადონას ოლივიეს 1998 წელს შექმნილი ყვითელი კაბით გამოჩენა VH1 Fashion Awards-ზე მოდაში ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მომენტად ითვლება.
თეისკენსს მას შემდეგ, რაც სკოლა მიატოვა დრო არ დაუკარგავს და ესკიზებზე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ პარიზში წავიდა, ჟან პოლ გოტიესთან ინტერნობა უნდოდა, რომლთანაც თავისი ნახატები მიიტანა. გოტიე ადგილზე არ დახვდა, უთხრეს რომ შეეძლო ნახატები დაეტოვებინა და დაუკავშირდებოდნენ. მაგრამ სხვას ვერ ანდო თავისი იდეები და სამშობლოში დაბრუნდა. ანტვერპენში უნდოდა სწავლის დაწყება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო. შემდეგ ბრიუსელში კონკურსის შესახებ შეიტყო, სადაც ახალი ესკიზები გადააგზავნა. ახალგზარდა ტალანტი იზაბელა ბლოუმ შეამჩნია, ქალმა, რომელმაც ალექსანდრ მაკქუინი აღმოაჩინა და ოლივიე პარიზში მიიწვია, ჩვენების მოწყობაშიც დაეხმარა და თვითნასწავლი ოლივიე თეისკენსი მალევე იქცა მოდაში მნიშვნელოვანი დიზაინერების ახალი ტალღის ნაწილად. თეისკენს მიღებული აქვს CFDA-ს საერთაშორისო ჯილდო. 2017 წელს ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი გახდა, რომელსაც MoMu Fashion Museum Antwerp-ში სოლო გამოფენა მოუწყვეს. სახელი ავანგარდული შექმოქმედებით გაითქვა, თუმცა მალევე, 2002 წელს თავისი ბრენდი დახურა, როდესაც როშასის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, სადაც ოტ კუტიური მისი ახალი გამოწვევა გახდა. ოთხი წლის შემდეგ იგივე თანამდებობა ნინა რიჩიში დაიკავა, რომელშიც ფენომენალური, კლასიკური და ფემინური კოლექციები შექმნა. მას ისეთი ბრენდები სთავაზობდნენ შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას, როგორებიცაა: ოსკარ დე ლა რენტა, გუჩი და დიორი, თუმცა ასეთ დიდ სახელებს ყოველთვის უარს ეუბნებოდა. 2010 წელს თეორიში გადაინაცვლა, რომელშიც ყოველდღიურ სამოსზე კონცენტრირდა და თავის შექმოქმედებას cool იმიჯი მოარგო. თეორის დატოვების შემდეგ შემოქმედებითი პაუზა აიღო, 2016 წელს კი მოდაში ისევ თავისი ბრენდით დაბრუნდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/03/olll.jpg)
14 წლის შემდეგ ოლივიე თეისკენსი აღარ იყო ისეთი ავანგარდული, როდესაც მეოცე საუკუნის ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში. ის ბევრად უფრო, მოკრძალებული, ფრთხილი და მოხდენილი იყო. მოსწონდა იდეა გოგოზე, რომელიც კოქტეილის კაბას არასდროს იცვამდა, მაგრამ მისი კაბით შეიმოსებოდა. მის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება არსებობდა, მაგრამ დაბრუნებას ხმაური არ გამოუწვევია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/03/ollll.jpg)
2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია კი დაუახლოვდა იმ ახალგაზრდა, ამბიციური და უნიჭიერესი ბელგიელის შექმოქმედებას, რომელზეც პირველივე კოლექციებიდან ამბობდნენ, რომ მისი სახით ახალი ძლიერი შემოქმედებითი ძალა გამოჩნდა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ამ კოლექციით ყველაზე მკაფიოდ დაგვანახა თავისი ხელწერა, ფორმების ძალა, დრამისკენ ლტოლვა და საკუთარი ოსტატობა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/03/RegisColinBerthelier1-683x1024.jpg)