მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის მონაწილეობით ინტერნეტში ფილმის – The Devil Wears Prada 2-ის პირველი ტრეილერი გავრცელდა. პირველ კადრებში სტრიპის გმირი – მირანდა და ჰეთეუეის პერსონაჟი – ენდი, ერთმანეთს ლიფტში ხვდებიან. კადრში არ ჩნდებიან ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი, თუმცა ისინი ასევე ბრუნდებიან 2006 წლის კომედიის სიქუელში და კვლავაც უწინდელ როლებს შეასრულებენ.

ფილმი ისევ ნიუ-იორკის ქუჩებსა და ჟურნალ Runway Magazine-ის ოფისში გვაბრუნებს. სინოფსისის მიხედვით, მირანდა პრისტლი უპირისპირდება ემილი ჩარლტონს (ემილი ბლანტი) – თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. მირანდასა და ემილის დაპირისპირების მიზეზი არის სარეკლამო ბიუჯეტი, რომლის მოსაპოვებლადაც ორივე იბრძვის ბეჭდური მედიის დაღმასვლის ფონზე – მაშინ, როცა მირანდა კარიერის დასრულებას უახლოვდება.

ფილმის რეჟისორი დევიდ ფრანკელია, სცენარის ავტორი კი ელაინ ბროშ მაკკენაა. ახალ პერსონაჟებს განასახიერებენ კენეთ ბრანა, სიმონ ეშლი, ჯასტინ ტერუ, ლუსი ლიუ, პატრიკ ბრამალი და სხვა მსახიობები. გავრცელებული ინფორმაციით, გადაღების მოედანზე დააფიქსირეს სიდნი სუინიც, თუმცა Euphoria-ს ვარსკვლავის როლი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2026 წლის 1 მაისს იგეგმება.