ყველა ქვეყნის კულტურას აქვს თავისი მასკულინური ხატი. ტრადიციებმა, წარსულის გამოცდილებებმა ისინი თითქოს ხელშეუხებელ მემკვიდრეობად აქცია. ამერიკულ კულტურაში, ერთ-ერთი ასეთი გამოკვეთილი ხატი როდეოს უკავშირდება, რომლის სახე ძლიერი, ადრენალინის და კონკურენციის მოყვარული ქოუბოია. ამ ყველაფრის გათალისწინებით, ფოტოგრაფ ლუკ გილფორდის პროექტი შესაძლოა წინააღმდეგობრივ ნამუშევრადაც მივიჩნიოთ. National Anthem – ასე ჰქვია გილფორდის არტ წიგნს, რომელიც როდეოს LGBT წარმომადგენლების პორტრეტებს და მათ ისტორიებს აერთიანებს. National Anthem ვიზუალური და წერილობითი თხრობის სინთეზით, ქვიარ თემის რადიკალურ ინკლუზიურობას გვაჩვენებს.

ფოტოსერია International Gay Rodeo Association-ის წევრების პორტრეტებისაგან შედგება. ნამუშევარზე საუბრისას, ფოტოგრაფი დამთვალიერებელს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს. მისი თქმით, საოცარია, რომ ასეთ მასკულინურ სამყაროში როგორიც როდეოა, ეს ადამიანები არამხოლოდ უსაფრთხოდ ცხოვრობენ, არამედ შექმნეს კომუნა. ეს არის ადგილი, სადაც ისინი კვლავ აკეთებენ საყვარელ საქმეს – ქვიარ თემის სახელით.

Cowboy, როგორც პერსონაჟი ხშირად გამხდარა ვიზუალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მარკეტინგული მიზნებისათვის – ხშირად საკმაოდ არაეთიკურადაც. სწორედ ამიტომ, ფოტოების ავტორი დამთვალიერებელს მიმართავს – “ეს არ არის ეროტიკულ ფანტაზიებში, ან სარეკლამო ბანერებზე ნანახი ქოუბოი. ესენი არიან რეალური გმირები, ნამდვილი ისტორიებით.“
გილფორდისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სრული მასშტაბით აესახა ის კონტრასტული სურათი, რომელსაც ქვიარ როდეო ქმნის. ამავდროულად კი, არ დაეკარგა სამყაროსთან მათი ორგანული კავშირი.
“სახეები ისტორიებს ყვებიან. ისტორიები ჩვენამდე მოდიან სხეულის ენით, ნაკვთებით, ნაოჭებით, თითოეული ნაიარევით” – ლუკ გილფორდი
იმისათვის, რომ ნამუშევარი მაქსიმალურად ინკლუზიური ყოფილიყო, ფოტოპროექტში გაერთიანდნენ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსი გმირები. განსხვავებულია მათი რასა, ასაკი, სქესი. თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, International Gay Rodeo Association-ს ჰეტეროსექსუალი წევრებიც ჰყავს – ესენი არიან ადამიანები, რიგ შემთხვევაში აქტივისტები, რომლებიც ქვიარ თემს უჭერენ მხარს.
“ქვიარ როდეოს განსაკუთრებულობა სტერეოტიპების დანგრევაა. წლების განმავლობაში, ჩვენი პოზიციები თითქოს ორპოლუსიანი გახდა – ლიბერალები კონსერვატორების წინააღმდეგ, სოფლის მოსახლეობა ქალაქების მოსახლეობის წინააღმდეგ… ასეთი გარემო გვიშლის ხელს ვიყოთ ის, ვინც ვართ. ეს თემი კი ამ ჩარჩოებს ანგრევს. იშვიათია იპოვო გარემო, რომელიც მრავალფეროვნების ასეთ დიდ სპექტრს მოიცავს.”
ფოტოპროექტზე მუშაობის გამოცდილებას ლუკ გილფორდი ასე აღწერს – “თუ შენს თავს ბოლომდე აჩვენებ, ეს თემი მიგიღებს. მიმღებლობა – ეს პროცესი მშვენიერია, სწორედ ასეთი უნდა იყოს ამერიკა.”