“ჩემი ძმა ჩემზე ექვსი წლით უფროსია. როცა მე მეორე კლასში ვიყავი, იგი მერვეში იყო. მან ადრე მიიღო გარკვეული შესაძლებლობები ცხოვრებაში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე გაცილებით წინ ვარ.“ – უთხრა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტს, ვანესა ფრიდმანს გურამ გვასალიამ, დემნა გვასალიას უმცროსმა ძმამ.
გურამ გვასალია ამჯერად ბრენდ Vetements-ის აღმასრულებელი და კრეატიული დირექტორია. იგი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2013 წლიდან, ბრენდის დაარსების მომენტიდან იკავებს, შემოქმედებითი დირექტორი კი, 2021 წელს გახდა.
Vetements 2013 წლის დეკემბერში, დემნა გვასალიამ თავის ძმასთან, გურამთან ერთად დააარსა. დემნა, როგორც კრეატიული ხელმძღვანელი, ხოლო გურამი, როგორც ბიზნეს ლიდერი, წარმატებული კოლაბორაცია აღმოჩნდა, ბრენდმა მოკლე დროში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. მოდის პრესის ცნობილი გამოცემის, WWD-ის წყაროების ინფორმაციით, 2016 წელს, Vetements -ის წლიური შემოსავალი 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა. 2017 წლის ბოლოს, გვასალიებმა ბრენდი პარიზიდან შვეიცარიაში გადაიტანეს და ბიზნესის მართვა ქალაქ ციურიხიდან, კვლავაც ერთობლივად განაგრძეს.
2019 წლის 16 სექტემბერს, ისევ და ისევ WWD-იმ გაავრცელა ექსკლუზიური სიახლე იმის შესახებ, რომ დემნა Vetements-ს ემშვიდობება. დემნამ მიზეზად ბრენდში თავისი „მისიის შესრულება“ დაასახელა. ”Vetements იმიტომ წამოვიწყე რომ მოდაზე გაბრაზებული ვიყავი. მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა Vetements-ის გამოჩენის შემდეგ. მე ჩემი მისია შევასრულე,“- თქვა დემნამ. პრეს-რელიზს ერთვოდა გურამის კომენტარიც, სადაც იგი აღნიშნავდა დემნას როლს ბრენდის წარმატებაში, თუმცა აგრეთვე ხაზს უსვამდა, რომ Vetements “კოლექტიური მუშაობის შედეგი იყო.“ ხმები ძმებს შორის შესაძლო უთანხმოებაზე სწორედ დემნას ბრენდიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მას მერე, რაც Vetements ყურადღების ცენტრში მოექცა, გულშემატკივრებისთვის ნათელი გახდა, რომ ძმებს შორის მსგავსებაზე მეტი განსხვავება იყო. ეს გავრცელებულ ჭორებს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა, თუმცა მაშინ, დემნამ და გურამმა პრესასთან კომუნიკაციისგან და დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კითხვის ნიშნები არსებობდა, თუმცა დემნა Vetements-იდან სკანდალის გარეშე წავიდა.
ოთხი წლის შემდეგ, ინტერნეტი ძმებს შორის უთანხმოებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. მიზეზი გურამის საკამათო განაცხადი გახდა, რომელიც გვასალიამ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინტერვიუში გააჟღერა. ”კარგ მაგალითს მოგიყვანთ. არსებობს კიმი (კარდაშიანი), რომელიც შესანიშნავი ადამიანია, იგი ფენომენალურია და არსებობს კაილი (ჯენერი). კაილი ახალგაზრდა თაობაა. იგი ძალიან წარმატებულია სექსის ვიდეოს გარეშეც, იმ ყველაფრის გარეშე რისი გამოვლაც მის დას მოუწია,“ – აღნიშნა გურამმა. „ვფიქრობ,რომ ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე სრულიად განსხვავებული მიდგომა მაქვს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. მისი (დემნას) ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ახლა ჩემი დროა,“ – განაგრძო მან და ისიც დასძინა, რომ სიახლე Vetements-ის და მადონას უახლესი კოლაბორაციის შესახებ, „ბალენსიაგას“ ოტ-კუტიურ ჩვენების დღეს, 5 ივლისს, სპეციალურად გაავრცელა. „Balenciaga სიახლეებს ყოველთვის მაშინ ავრცელებს, როდესაც ჩვენ (Vetements) გვაქვს შოუ, ასე რომ ეს სამართლიანია.“
გურამმა ისიც გაიხსენა, რომ 2015 წელს, „ბალენსიაგამ“ დემნას კრეატიულ დირექტორად დანიშვნა 7 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე გაასაჯაროვა. „დემნას დანიშვნა ჩემს დაბადების დღეს გამოაცხადეს,“ – ამბობს გურამი. ამ დღიდან თითქმის 8 წელია გასული, „დიდი დრო წყენის გულში ტარებისთვის“ აღნიშნავს ჟურნალისტი, ვანესა ფრიდმანი. გურამის ცხოვრებაში დემნას არსებობა ერთგვარი გამოწვევაცაა, „როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ჩემს მიმართ მოლოდინი ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ შევცვალეთ ინდუსტრია, შოკისმომგვრელები ვიყავით და კიდევ იმიტომ რომ ჩემს ძმას დიდი სახელი აქვს და ბევრი რამ გააკეთა.“ – ამბობს იგი.
„ნიუ-იორკ ტაიმსი“ დაუკავშირდა დემნას, თუმცა მან კომენტარი წარმომადგენლის ჩართულობით გააკეთა: „რადგან მე Balenciaga-ში ვარ, მირჩევნია ამაზე გავამახვილო ყურადღება პრესასთან საუბრისას ან პროფესიულ კონტექსტში. Vetements-ში ჩემი გამოცდილება საოცარი იყო, მაგრამ მე მას წარსულში ვტოვებ, როგორც სასიამოვნო მოგონებას.“