
მიშელ იოუსთვის 2023 წელი შესანიშნავად დაიწყო. ფილმისთვის “Everything Everywhere All at Once” მიშელმა ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე მთავარი როლის შესრულებისთვის ჯილდოები მიიღო. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აზიელი ქალი, რომელმაც მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი მოიგო.
წელს მიშელი ქერინგის ყოველწლიური ჯილდოს მფლობელიც გახდება – Women in Motion. ფრანგული კონგლომერატი კანის კინოფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებას, რათა პატივი მიაგონ გამორჩეულ ქალებს კინო ინდუსტრიაში. “მიშელი როლებით, რომლებსაც ის შეუდარებლად ასრულებს, ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს,” განაცხადა ქერინგის გენერალურმა დირექტორმა, ფრანსუა-ენრი პინომ. “კანის კინოფესტივალთან ერთად, ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი წვლილი კინემატოგრაფიაში, თუ რაოდენ შთამაგონებელია მისი კარიერა ახლა და იქნება მომავალი თაობებისთვის. მისი დასახელება, როგორც Women in Motion 2023-ის გამარჯვებულის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება იყო.”

მიშელი საკუთარ პლატფორმას აქტიურად იყენებს ცნობიერების ასამაღლებლად ისეთ თემებზე, როგორებიცაა სექსიზმი, რასიზმი და ეიჯიზმი ინდუსტრიაში. აღნიშნული ჯილდოს შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ის კვლავ ეხება მისთვის მნიშვნელოვან თემებს, “ვხედავ, რომ დრო იცვლება, ცნობიერება ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად ამაღლდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა, როგორც კამერის მიღმა, ისევე მის პირისპირ, განაგრძონ საკუთარი ისტორიების მოყოლა და გაამრავალფეროვნონ სამყარო,” ამბობს მსახიობი.
აღნიშნული ჯილდოს გაცემა ქერინგმა 2015 წელს დაიწყო და მისი მფლობელები წარსულში ჯეინ ფონდა, სალმა ჰაიეკი, გონგ ლი, ჯინა დევისი, სიუზენ სარანდონი, ვაიოლა დევისი და სხვები გახდნენ.
კომენტარი გააკეთა ტიერი ფრემომაც, კანის კინოფესტივალის დირექტორმა, “მოხარულები ვართ პატივი მივაგოთ მიშელ იოს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მის ფილმებს და უდიდესი გავლენა იქონია კინემატოგრაფიაზე. მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მიშელმა უამრავი გზა გაუხსნა სხვა მსახიობებს ინდუსტრიაში.”
შეგახსენებთ, რომ კანის კინოფესტვიალი 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდება.