ვენსდეი ადამსით და ფრანკენშტეინით შთაგონებული რომანტიული კოლექციის შემდეგ ახალ სეზონზე Fondazione Prada-ში შეკრებილ მოდურ საზოგადოებას მიუჩია პრადამ უბრალოების არამინიმალისტური განმარტება შესთავაზა. ფრეა ბეა ერიქსენის გამოტანილმა პირველივე ლუქმა, რომელიც თხელ ნაქსოვ პოლოს სტილის ნაცრისფერ მაისურს, მუსლინის გრძელ თეთრ ქვედაბოლოს და მაღალ ქუსლიან ლოუფერებს აერთიანებდა, ცხადყო, რომ პრადა ამ სეზონისთვის უფრო ნაკლებს დასჯერდა.

Prada Spring 2020 © Vogue

სამოსის გამოყენება მრავალი დანიშნულებით შეიძლება, მათ შორის როგორც საკუთარი თავისთვის დაკისრებული როლის, შენიღბვის თუ პიროვნული იდენტობის გამომხატველ საშუალებად. თუმცა რაც არ უნდა გეცვას, მასში ყოველთვის ერთი პიროვნებაა, რომელსაც ტანსაცმელზე დომინირება შეუძლია. პრადას ამ სეზონზე სწორედ ქალების იმ ძალის ჩვენება უნდოდა, რომელიც სამოსს აღემატება.

Prada Spring 2020 © Vogue

დიზაინერს ასევე სურდა, მოდასთან შედარებით სტილის უპირატესობისთვისაც გაესვა ხაზი, რომელიც ნამდვილად გამოხატავს პერსონას.

„მინდოდა პიროვნების სტილზე უფრო მეტი მეფიქრა, ვიდრე მოდაზე, რადგან ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამოსი.“ – მიუჩია პრადა

მიუჩიას მიზნიდან გამომდინარე, კოლექციაში არ ვხვდებით ტრენდებს, არამედ მარადიული სტილის ნიმუშებს სხვადასხვა დეკადიდან – ოციანი, ორმოციანი, სამოცდაათიანი და ოთხმოცდაათიანი წლებიდან.

რა თქმა უნდა, კოლექციაში მიუჩიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი Ugly Chic-იც ვლინდება, განსაკუთრებით აქსესუარებში. ამ სეზონზე პრადამ თავიდან გამოიგონა ბუკეტის ფორმის ჩანთები და ქუდები. ყველა ფეხსაცმელი ნაცნობ სტილს წარმოადგენს, თუმცა არასტანდარტულს, მათ შორის კი პლატფორმიან სანდლებსაც ვხვდებით. მასიური ნიჟარებით აწყობილი ყელსაბამებით და საყურეებით კი ჩვენებაზე სანაპიროს იდეაც შემოიტანა. ლუქების სისადავეს ბზინვარებას ანიჭებდა სექუინებით შექმნილი ფოთლების გამოსახულებები.

Prada Spring 2020 © Vogue

2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის პრადამ სამოსის როლი დააკნინა, როდესაც მისთვის ყოველგვარი ზედმეტის მოშორებით არამოდური განაცხადი გააკეთა – პიროვნება უნდა განსაზღვრავდეს ტანსაცმელს და არა პირიქით.