Met Gala მოდის სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმირებული საღამოა, რომელზეც მსოფლიო შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები წამყვანი დიზაინერების მიერ, სპეციალურად ამ მოვლენისათვის შექმნილ სამოსს ირგებენ. Met Gala ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ იხსნება. ყოველ მეტ გალას აქვს თემა, რომელსაც გამოფენის კურატორი და საღამოს ორგანიზატორები არჩევენ. თემის გათვალისწინებით, არსებობს დრესკოდი, რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან. მთავარი საღამოს შემდეგ კი, იხსნება კოსტიუმების გამოფენა, რომელიც დაახლოებით ხუთ თვეს გრძელდება.
Met Gala, როგორც მოვლენა, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ღონისძიებაა, მისი ისტორია კი, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება. 1948 წელს, ნიუ იორკის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა ელეონორ ლამბერტმა ახალი პროექტი წამოიწყო. მან საფუძველი ჩაუყარა მასშტაბურ წვეულებას, რომლის მიზანი მეტროპოლიტენის მუზეუმში ახლად დაარსებული კოსტიუმების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერა იყო.
ლამბერტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი და ის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალევე ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა. გასული საუკუნის ადრეული 70-იანი წლებიდან, კოსტიუმების ინსტიტუტის ხელმძღვანელი Vogue-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, დაიანა ვრილენდი გახდა. მან საქველმოქმედო წვეულებას ახალი დატვირთვა მიანიჭა და სწორედ ასე დაიწყო Met Gala-მ იმ ფორმითა და კონტექსტით ჩამოყალიბება, როგორადაც მას თანამედროვეობაში ვიცნობთ.
დროთა განმავლობაში იზრდებოდა მეტ გალას მასშტაბები და მასში უფრო მეტი ცნობილი დიზაინერი და ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. 1995 წლიდან, Vogue-ს რედაქტორი, ანა ვინტური მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული მიღების უცვლელი კურატორია და თანამედროვე Met Gala-ს ამჟამინდელი გავლენაც სწორედ მის პერსონას, რეპუტაციასა და ხედვას უკავშირდება.
ამჟამად, Met Gala თანამედროვე მოდის და პოპკულტურის განუყოფელი ნაწილია. მის გახსნას საგანგებოდ ესწრებიან დიზაინერები, მოდელები, კინოსა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. ეს არის საღამო, რომელზეც მოდის სამყარო თავისთავად ირჩევს ფავორიტებს. Met Gala უკვე პოზიციონორდა იმ მოვლენად, რომელიც უამრავი ვარსკვლავისათვის, კარიერის ახალი თავის დასაწყისადაც კი იქცა.