როცა სასურველ ნივთს ახლებურად გვთავაზობენ, ის ჩვენს ყურადღებას იპყრობს. თუკი ის ხარისხით გამოირჩევა და ამავდროულად ხელმისაწვდომია, მასზე უარის თქმა რთული ხდება. და როდესაც ეს ნივთი ჩვენთვის ნაცნობ, ახლობელ და მიმზიდველ ამბავსაც უკავშირდება, თავადაც გვინდება მისი მონაწილეები გავხდეთ.
“მერაკის” ისტორია 2018 წლიდან იწყება, როცა 21 წლის ანუკა გვენცაძემ ხელნაკეთი აქსესუარებისა და ტანსაცმლის ბრენდი შექმნა. “მერაკის” კონცეფცია, პირველ რიგში, მის პერსონალურ დამოკიდებულებას წარმოაჩენდა – ფერადს, გულწრფელსა და თავისუფალს.


ბრენდი არ შექმნილა იდეით, რომ ბიზნესად ქცეულიყო, პირველი ჩანთა ანუკამ საკუთარ სახლში, ბებიასთან ერთად შეკერა, მიზეზი მარტივია – უბრალოდ უნდოდა, მოსწონდა და სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია. მერაკის ერთ-ერთი სტრატეგიული უპირატესობა ხარისხია, რასაც ბრენდში დიდი ყურადღება ექცევა და მომხმარებელს ყოველთვის კმაყოფილს ტოვებს. აღსანიშნავია ბიუჯეტური ფასიც – სწორედ ეს აქცევს მერაკს ბრენდად, რომელიც მრავალფეროვნების, ინდივიდუალური სტილის მოყვარული ახალგაზრდა თაობისათვის არის ხელმისაწვდომი.



სიმბოლურია სახელწოდებაც – Meraki ბერძნული სიტყვაა და საქმეში გულისა და სულის ჩადებას ნიშნავს. ეს ზუსტად გადმოსცემს იმ ადამიანების საქმისადმი დამოკიდებულებასა და ხედვას, რომლებიც ამ ბრენდს ქმნიან. “მერაკი” თავისი ფერადოვნებითაც გამოირჩევა და თითოეული ნივთი გარკვეულ იდეას გამოხატავს. “ვფიქრობ ყველა ადამიანს თავისი ფერი აქვს,” – ამბობს ანუკა. “მინდოდა, რომ ყველას, ვინც “მერაკს” ესტუმრებოდა, თავისი ფერი ეპოვნა. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩანთები ვაქციეთ 12-წლიანი რუტინის მრავალფეროვან დანამატად, აი ისეთად, წიგნების ჩადება რომ გაგიხარდება, ფეხსაცმელები ისეთი შევქმენით, ცეკვა რომ მოგინდებოდა, ჰუდები კი ისეთი, რომ ზამთრის ნაცრისფერი დღეები, არც ისე ნაცრისფრად მოგჩვენებოდა…”
ბრენდში კარგად ესმით თუ რას ნიშნავს Girl Power, რაც მერაკის ხასიათს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილს და ცოცხალს ხდის.
“დღეს რომ მერაკი არსებობს იმ ქალების დამსახურებაა, რომლებიც წლების წინ იმისთვის იბრძოდნენ, რომ ქალს საკუთრების უფლება ჰქონოდა. თითოეული ჩვენგანის ისტორიაც ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე ამაზე შეიძლება ვფიქრობდეთ. ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც, გამორჩეული, ჯადოსნური თვისება, რაც უნიკალურს გვხდის, რითაც ერთმანთს ვაძლიერებთ” – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ანუკა.
სწორედ ქალების განსაკუთრებულობას ეძღვნება “მერაკის” ჩანთების ახალი ორიგინალური კოლექცია, რომელშიც ხუთი ინდივიდუალური გოგონას პერსონაჟს ვხვდებით. სპეციალურად ქალებისთვის მიძღვნილ ნაკეთობებზე ელენე აფციაურის ნახატებია წარმოდგენილი.





აღსანიშნავია, რომ ამ ახალი კოლექციის შექმნის იდეა ანუკასა და ელენეს შორის შემდგარი ერთ-ერთი დიალოგის დროს დაიბადა. საუბრის თემა შეეხებოდა იმას, თუ როგორი ძალაა იყო ქალი, როგორ გამოხატავენ ქალები ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას, სოლიდარობას, რა უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნიათ მათ.. ცხადი გახდა, რომ ამ დიალოგს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბრენდის მთავარ იდეასთან. სწორედ ამიტომ მეგობრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ჩანთები, რომლებიც თითოეული გოგოსთვის ერთგვარ ყოველდღიურ შეხსენებასავით იქნებოდა, თუ რამდენად განსაკუთრებულები არიან.
ჩანთებზე გამოსახულია სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. შესაბამისად, ყველას შეუძლია საკუთარ თავს შეურჩიოს გმირი, რომელიც მის პიროვნებას ყველაზე უკეთ გამოხატავს. თქვენი გულწრფელობა, ემპათიურობა, ჯადოსნურობა, მეამბოხეობა თუ კრეატიულობა იმსახურებს, რომ ისინი სხვებმაც შეამჩნიონ.



ამ კოლექციით, “მერაკი” გვახსენებს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უნიკალური თვისება და მისი საშუალებით ერთმანეთს ვაძლიერებთ. ამ თვისებების ნებისმიერი გზით გააზრება და ხაზგასმა კი, საკუთარი თავის მიღებასა და სხვებისთვის მის წარდგენაში გვეხმარება.