თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს ბევრი დეტალი ქმნის. სამოსი, მაკიაჟი, საყვარელი გასართობი ადგილები, რჩეული კერძები, თუ სასმელები – ეს ყველაფერი ჩვენს პერსონაზე ბევრს ამბობს. ამ იდეას კარგად ასახავს Matters-ის და Sol-ის ახალი კოლაბორაცია, რომლის შესახებაც  სტატიაში მოგიყვებით. 

Matters-ს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ეს არის ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომლის კოლექციები მფლობელის თვითგამოხატვის იდეით იქმნება. Sol კი გამორჩეული კონცეფციის და ინტერიერის რესტორანია, სადაც გემრიელი კერძების და ორიგინალური კოქტეილების მენიუ დაგხვდებათ. 

სხვადასხვა მიმართულების ბრენდების გადაკვეთა ამ შემთხვევაში საკმაოდ ორგანული აღმოჩნდა, რადგან Sol-ს და Matters-ს ბევრი რამ აკავშირებთ.

ორივე ბრენდის სოციალური მედიის არხების დათვალიერებისას პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, ესთეტიკაა. Matters თითოეული მოდელით სამოსის სილამაზეს გამოკვეთს. Sol კი ესთეტიკისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კერძების სერვირებისა, თუ კოქტეილის გაფორმებისას ავლენს. Matters x Sol ფოტოსესია გლამურს, მხიარულებას, ინდივიდუალიზმს და საზეიმო განწყობას აღბეჭდავს. 

კამპანიის ავტორი ქართველი ფოტოგრაფების თანამედროვე თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, თორნიკე აივაზაშვილია.  ფოტოებში ნაჩვენები კოლექცია, ინტერიერი, რეკვიზიტები, სთაილინგი, ქასთი, ფერები და კომპოზიცია კამპანიის კინემატოგრაფიულ ხასიათს ქმნის. 

„ამ კამპანიაში ვეცადეთ, აღგვებეჭდა დღის სასიამოვნო, ფერადი დასაწყისი, რომელიც Matters-ის დახვეწილი ტანსაცმლითა და Sol-ის კაშკაშა საავტორო სასმელებითა თუ კერძებით, საღამოს გლამურულ გართობაში გარდაიქმნება. ვფიქრობთ, რომ ამ ორი ბრენდის ესთეტიკის შერწყმამ კოლაბორაციულ პროექტს ვიზუალურად მიმზიდველი და თანმიმდევრული ხასიათი მისცა. მიგვაჩნია, რომ ორივე ბრენდის მომხმარებლები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხისა და დახვეწილობის შერწყმა; აფასებენ ესთეტიკასა და დეტალებს; აქვთ სოციალურად აქტიური ცხოვრების წესი და სიამოვნებას ანიჭებთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების აღნიშვნა; ისინი მისდევენ ტრენდებს და აქვთ სტილის განსაკუთრებული შეგრძნება,”- ამბობენ ჩვენთან საუბრისას კამპანიის ავტორები. 

მეორე მხრივ, Matters-ის და Sol-ის როგორც ბრენდების მომხმარებლისადმი დამოკიდებულებაც ერთმანეთს ჰგავს. ორივე შემთხვევაში ბრენდი ჰყიდის არა პროდუქტს, არამედ ადამიანებს შთააგონებს შექმნან ისტორია, გამოცდილება, მოგონებები და რუტინით დატვირთულ სამყაროში სადღესასწაულო ელემენტები შეიტანონ. 

რაც შეეხება  Matters-ის ახალ კოლექციას, რომელსაც ამ ფოტოსესიაში ვხედავთ, განსაკუთრებული ფერადოვნებით და სიმსუბიქით გამოირჩევა. ის ერთდროულად შეიძლება იყოს ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილიც და განსაკუთრებული გარემოებებისათვის განკუთვნილი სამოსიც. 

Sol-ის შესახებ კი გეტყვით, რომ აქ სტუმრობისას თავს მართლაც კინემატოგრაფიულ გარემოში იგრძნობთ. პასტელური ფერები, ვიტრაჟები, ღია სამზარეულო, სადაც მომხმარებლები კერძების მზადების პროცესს ხედავენ და ღია გამწვანებული ტერასა ბარით – სწორედ ეს ვიზუალი გამოხატავს Sol-ის, როგორც ბრენდის ხასიათს. 

„ჩვენი კონცეფციაა „საუზმეს სრული დღის განმავლობაში“(All day breakfast). აქ მოსულ სტუმრებს ჯანსაღ და გემრიელ მენიუს ვახვედრებთ.” – ამბობენ Sol-ის წარმომადგენლები. ჩვენ კი გეტყვით, რომ თითოეული კერძი იმ ფორმით მოდის თქვენამდე, რომ აუცილებლად გაგახსენდებათ ინსტაგრამზე ნანახი ე.წ. Food ფოტოგრაფიული ბლოგები. 

და ბოლოს, Matters x Sol-ის ერთობლივი კამპანიის დათვალიერების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგჯერ ბედნიერებისათვის ისიც საკმარისია ლამაზ სამოსში გამოვეწყოთ და სასიამოვნო გარემოში გემრიელი კერძები, დესერტები და კოქტეილები დავაგემოვნოთ. 

Matters x Sol

ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი

სტილისტი: ელენე ბახტაძე

თმა: ბესარიონ გაბუნია

ვიზაჟი: ანა თოდუა

მოდელები: ელენე იაკობაშვილი, მარიამ გოგოლაშვილი