ყოველი წლის მაისში, საფრანგეთის უმშვენიერესი ქალაქი კანი საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. კინო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წელსაც ჩვეული მღელვარებით ელიან. 2025 წლის კანის კინოფესტივალი 13 მაისს გაიხსნა და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. წელსაც, ტრადიციულად, საპრემიერო პროგრამა დატვირთულია კინო ნამუშევრებით, რომლებიც გულშემატკივრებსა და კინო კრიტიკოსებში დიდ მღელვარებას იწვევს. სანამ უფრო დეტალურად მოგიყვებით, თუ რას უნდა ველოდოთ 2025 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გეტყვით, რომ წელსაც ღონისძიების გენერალური სპონსორია Mastercard.
Mastercard უკვე მრავალი წელია კანის კინოფესტივალის საერთაშორისო პარტნიორია, თუმცა წელს კომპანიამ, თიბისი კონცეპტთან ერთად, თავის მომხმარებელს განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა. ახალი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ გათამაშებაში, რომლის პრიზიც სწორედ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება გახლდათ. წითელი ხალიჩა, ფოტოსესია, თუ კინოჩვენებები, Mastercard-მა ქართველ მომხმარებლებს მართლაც რომ შეუფასებელი გამოცდილება შესთავაზა.

რაც შეეხება კინოფესტივალის პროგრამას, სკარლეტ იოჰანსონისა და კრისტენ სტიუარტის სარეჟისორო დებიუტით დაწყებული, ვეს ანდერსონისა და სპაიკ ლის ახალი ნამუშევრებით დასრულებული – წლევანდელი სია შთამბეჭდავად გამოიყურება.

ვეს ანდერსონის ახალი ფილმის, The Phoenician Scheme-ის შესახებ პრესა უკვე თვეებია აქტიურად წერს. ფილმში მთავარ როლებს ბენისიო დელ ტორო, მია თრიპლტონი და მაიკლ სერა ასრულებენ, სიუჟეტი კი, მამა-შვილის ურთიერთობის გარშემო ვითარდება. მდიდარი ევროპელი ბიზნესმენის როლში, ბენისიო დელ ტოროს ვიხილავთ, მისი ქალიშვილის როლს კი, მსახიობ ქეით ვინსლეტის შვილი – მია თრიპლტონი განასახიერებს. ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით გამოირჩევა არი ასტერის ნამუშევარიც – Eddington. ფილმში მონაწილეობენ: ხოაკინ ფენიქსი, პედრო პასკალი, ოსტინ ბატლერი და ემა სტოუნი. სიუჟეტი ნიუ მექსიკოში ვითარდება, სადაც სამართალდამცავ ორგანოებსა და ადგილობრივ პოლიციელებს შორის კონფლიქტი წარმოიშობა.

უნდა ვახსენოთ სპაიკ ლის ახალი ნამუშევარიც – Highest 2 Lowest, რომელიც იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას 1963 წელს გადაღებული კრიმინალური კინოსურათის, High to Low-ს ერთგვარი რეინტერპრეტაციაა. ფილმში მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ 1993 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დენზელ ვაშინგტონის მონაწილეობით, კანში კინოპრემიერა იგეგმება. გულშემატკივრები მის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც ელიან. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ რეპერები: A$AP Rocky და Ice Spice.

ბუნებრივია, ინტერესს იწვევს ამერიკელი მსახიობის, სკარლეტ იოჰანსონის უახლესი კინოსურათი – Eleanor the Great, ფილმი მოგვითხრობს 90 წელს გადაცილებულ ფლორიდელ ქალზე, რომელიც ნიუ-იორკში, თავის ქალიშვილთან საცხოვრებლად გადადის. მთავარ როლში 95 წლის ჯუნ სკუიბის ვიხილავთ. ფილმის მიმართ მღელვარება იმითაც აიხსნება, რომ ეს იოჰანსონის, როგორც კინორეჟისორის, დებიუტია. სარეჟისორო დებიუტი ექნება კრისტენ სტიუარტსაც. The Chronology of Water – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელიც ამერიკელი მწერალისა და მასწავლებლის, Lidia Yuknavitch-ის 2011 წლის მემუარს ეფუძნება. საპრემიერო პროგრამაშია შოტლანდიელი რეჟისორის, Lynne Ramsay-ის ახალი კინოსურათიც – Die, My Love, ასევე პალესტინური ფესვების მქონე ტყუპების, ტარზან და არაბ ნასერების ფილმი – Once Upon a Time in Gaza და “პალმის რტოს” გამარჯვებულის, Julia Ducournau-ის უახლესი ნამუშევარი – Alpha.

წელს, კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშია, ცერემონიის წამყვანის როლში კი, ფრანგ მსახიობ ლორან ლაფიტის ვიხილავთ. კინოფესტივალის მთავარი პრემიის, „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ლეგენდარული რობერტ დე ნირო გახდა, მას საპატიო ჯილდო ლეონარდო დიკაპრიომ 13 მაისს, კინოფესტივალის გახსნაზე წარუდგინა.

კინო მნიშვნელობასთან ერთად, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებული მოვლენაა მოდის მოყვარულთათვისაც. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კინოფესტივალის მსვლელობისას სტუმართა ჩაცმის სტილი იმდენად გამორჩეულია, რომ დასამახსოვრებელი მოდური მომენტების სიმრავლით, კანის კინოფესტივალს სხვა ვერცერთ კულტურულ ღონისძიებას ვერ გავუტოლებთ. იქნება ეს პაპარაცული ფოტოები, პრეს-კონფერენციები, თუ წითელი ხალიჩა – ვარსკვლავები დიდი მონდომებით ცდილობენ შექმნან დაუვიწყარი იმიჯი.
24 მაისის ჩათვლით, თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ არხებს, Mastercard-თან ერთად, ჩვენ აქტიურად გავაშუქებთ კინოფესტივალიდან სიახლეებს.