საერთაშორისო პრესის ცნობით, მაყურებელი მარგო რობის და რაიან გოსლინგის სამსახიობო პარტნიორობას კიდევ ერთხელ იხილავს. მსახიობები ამჯერად Ocean’s Eleven-ის პრიქუელში მიიღებენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, რობი და გოსლინგი ჯორჯ კლუნის და სანდრა ბულოკის პერსონაჟების მშობლებს განასახიერებენ. სიუჟეტი 60-იანი წლების შეერთებულ შტატებში განვითარდება, როცა ძარცვა და თაღლითობა ოუშენების ოჯახის ჩვეულ საქმიანობად იქცა. ფილმის პრემიერის და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. 

ოუშენების ისტორია კინომოყვარულებმა რამდენიმე ნაწილად იხილეს. პირველი ფილმის პრემიერა 2001 წელს შედგა, კრიმინალური კომედიის ბოლო ნაწილი კი, 2018 წელს გამოვიდა. სხვადასხვა ფილმის სამსახიობო შემადგენლობამ გააერთიანა ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი, მეთ დეიმონი, ენდი გარსია, კეტრინ ზეტა ჯონსი, ვინსენ კასელი და სხვები.

აღსანიშნავია 2018 წლის ფილმი, რომლის მთავარი გმირი ჯორჯ კლუნის პერსონაჟის დაა და მის როლს სანდრა ბულოკი ასრულებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მძარცველთა ჯგუფის სამიზნე მოდის ყველაზე ცნობილი მოვლენა – Met Gala-ს ცერემონიაა. ფილმის სამსახიობო შემადგენლობაში ბულოკთან ერთად არიან:  ქეით ბლანშეტი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი, ელენა ბონემ კარტერი, რიანა და სხვები. 

რაც შეეხება მარგო რობის და რაიან გოლსინგის ეკრანულ წყვილს, მსახიობებმა გრეტა გერვიგის ჰიტად ქცეულ სარეჟისორო ნამუშევარში – Barbie მთავარი როლები შეასრულეს.