ფრანგული მოდის სახლის განახლებულ სტრატეგიაში პროდუქტების და სერვისების გამრავალფეროვნების საკითხი უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუი ვიტონის პარიზის სათაო ოფისი მრავალფუნქციურ კომპლექსად გადაკეთდება, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ძვირადღირებული სასტუმრო იქნება. ახლა კი, ვიგებთ, რომ ექსპერიმენტული პროექტები გავრცელდება ბრენდის ფიზიკური მაღაზიების ბიზნესზეც.

მომავალი კვირიდან შანხაიში Louis Vuitton-ის სახლის ნივთების პირველი მაღაზია გაიხსნება. ამ გადაწყვეტილებით, ბრენდის მფლობელი კომპანია LVMH ცდილობს, რომ ლუი ვიტონი არა მხოლოდ მოდის, არამედ ლაქშერი ცხოვრების სტილის სიმბოლოდ აქციოს.

შანხაიში მაღაზია Nanjing -ის ცნობილ საშოპინგო ქუჩაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც ცნობილია მდიდარი მომხმარებლების სიმრავლით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუი ვიტონის მაღაზიაში არა მოდის, არამედ სახლის საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი გაიყიდება, ახალი მაღაზია რამდენიმე თვით იხსნება. თუ საცდელი პროექტი წარმატებული გამოდგა, ლუი ვიტონში გეგმავენ, რომ მსგავსი ტიპის შეთავაზებები გლობალური გახადონ.