სიახლე L’Oréal-ის მიერ Aesop-ის შესყიდვის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი თანხაა, რომელიც ლორეალმა ავსტრალიური კომპანიის სანაცვლოდ გადაიხადა. კოსმეტიკურ კომპანიებს შორის შეთანხმება 2.52 მილიარდ დოლარად შედგა, რაც დღემდე ლორეალის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

ანალიტიკოსების თქმით, შესყიდვა ლორეალის დომინაციის კიდევ ერთი დასტურია, რომლის შემოსავლებიც 2022 წელს 16%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჯერად 224 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. რაც შეეხება Aesop-ის სტატისტიკას, ბრენდმა 2022 წელს 30%-იანი ზრდა განიცადა, შემოსავლები კი – 87%-ით გაიზარდა. გამომდინარე აქედან, კომპანია ლორეალისთვის სასურველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ლორეალმა IT Cosmetics 1.2 მილიარდ დოლარად შეისყიდა, ამას მოჰყვა Cerave-ს, AcneFree-სა და Bambi Skinare-ის შესყიდვები 2017 წელს, რაც ლორეალს 1.3 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ამასთან ლორეალი განკარგავს ისეთი ლაქშერი ბრენდების სილამაზის ხაზებს, როგორებიცაა ვალენტინო და პრადა.

დღესდღეობით გლობალურ ბიუთი-ბაზარზე არნახული კონკურენციაა, ამის მაგალითები ესტე ლაუდერის მიერ ტომ ფორდის შესყიდვა, ქერინგის მიერ Beauty წარმოების “გამოსყიდვა” და სხვა სიახლეებია. ანალიტიკოსების ვარაუდებით, მომავალში მსგავსი შესყიდვებისა და ლიცენზიების გამოსყიდვის შემთხვევები გაიზრდება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე დიდ კონგლომერატების მიერ მცირე და საშუალო ბრენდების შესყიდვას ეხება.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ წავიდა ლორეალი რეკორდულ თანხაზე Aesop-ის შესყიდვისას, პასუხი Aesop-ის ესთეტიკასა და პოზიციონირებაშია. ბრენდმა ესთეტიკის ახალი სტანდარტები დაამყარა, შექმნა საკუთარი ხელწერა, რომელმაც წლების განმავლობაში ბრენდთან ასოცირებული უდიდესი ბიუთი მოძრაობა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის პროდუქცია საკმაოდ მაღალი ფასებით გამოირჩევა, მათზე ფასდაკლებები არასდროს არ გვხდება, რაც ექსკლუზიურობის შეგრძნებას ქმნის, ამასთან, ეს მიწოდებისა და მოთხოვნის ერმესის მსგავს ფორმულირებას გვთავაზობს.

Aesop-ის მაღაზია

ლორეალის გათვლებით ბრენდის განვითარების პირველი ნაბიჯები ჩინური ბაზრისკენაა მიმართული, სადაც Aesop-მა პირველი მაღაზია არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახსნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ჩინელ მომხმარებლებს შორის ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ბრენდის პროდუქცია უნისექსია, ხოლო შეფუთვა კი – მინიმალისტური.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ლორეალმა ვერ შეძლო ნიშური სუნამოების ბრენდის ByRedo-ს შესყიდვა, რომელიც საბოლოოდ ესპანურმა კონგლომერატმა Puig-მა ერთ მილიარდ დოლარად შეიძინა, თუმცა მაინც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ლორეალისთვის ეს არ იქნება ბოლო დიდი შესყიდვა, შესაბამისად მსგავს სიახლეებს მომავალშიც უნდა ველოდოთ.