მოდის კალენდარში Tranoï Tokyo-ს შოურუმი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ მოვლენად ითვლება. ეს არამხოლოდ რეგიონალური შოურუმია, არამედ გლობალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველაზე თანამედროვე, ავანგარდულ და საინტერესო დიზაინერებს. ცოტა ხნის წინ, Tranoï Tokyo-ს ფარგლებში, 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა ქართულმა ბრენდმა – Matters-მა. როცა პატარა ატელიეში შექმნილი იდეა საერთაშორისო მასშტაბზე ხვდება, ეს უკვე ისტორიაა, არა მხოლოდ ბრენდის წარმატების, არამედ ზოგადად, ქართული ხელოვნებისა და მოდის საზღვრებს მიღმა დამკვიდრების შესახებ.

ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Matters ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. მრავალფეროვანი, კარგად დაბალანსებული და თანამედროვე კოლექციებით Matters-მა მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც, რომელიც ბრენდმა ტოკიოში წარადგინა, ნათლად გვაჩვენებს თუ რა ხდის Matters-ს გამორჩეულს და სასურველს თანამედროვე ქალებში. კოლექციაში ვხედავთ ტყავის აქცენტებისა და მსუბუქი, ფემინური გამჭვირვალე ქსოვილების იმგვარ სინთეზს, რომ იმიჯი ერთდროულად მებრძოლიცაა და მაცდუნებელიც. ეს არ არის სენსუალობა, რომელიც სუსტი ან ზედმეტად ფაქიზია, პირიქით ეს არის თავდაჯერებული ქალის იმიჯი. თეთრი, შავი, ნაცრისფერი – ფერთა პალიტრა სოლიდურია და კოლექციას სერიოზულ დამაჯერებელ იერს ჰმატებს, მაგრამ იქვეა ნაზი ყვითელიც, რომელიც ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და ფემინური ტონალობაა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა Matters -ის კოლექციებს ვახასიათებთ, როგორც გონივრულად დაბალანსებულს.

ბრენდში მნიშვნელობას ანიჭებენ და ფიქრობენ იმაზე, რომ თანამედროვე ქალების ცხოვრების სტილი განსხვავებულია, ზოგის გარდერობი მოითხოვს სოლიდურ იმიჯს, ზოგის – საღამოს გლამურულ კაბას. ბრენდის კოლექცია მნიშვნელოვანი მომენტებისათვის გათვალისწინებულ სამოსს გვთავაზობს და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ნამუშევარია.

საღამოს გლამურულ კაბებზე საუბრისას, ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით Matters-ის “Keira” კაბას, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელები მოიცვა. თაკო ნაცვლიშვილისთვის შექმნილი ამ სიმბოლური კულტურული რეფერენსით ბრენდმა კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება და გააკეთა საკმაოდ თავდაჯერებული განაცხადი იმის თაობაზე, რომ Matters წითელი ხალიჩისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ბრენდია.

რომ დავუბრუნდეთ Tranoï Tokyo-ს და შევაჯამოთ, შოურუმი იდეალური სივრცე აღმოჩნდა ახალი კოლექციის წარსადგენად. პლატფორმა, რომელიც ცნობილია თანამედროვე და გაბედული ბრენდების აღმოჩენითა და პოპულარიზაციით, Matters-ისთვის ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელიც ბრენდს საერთაშორისო მოდის ნაწილად აქცევს.