2019 წელს კალიფორნიის შტატის ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი ბუნებრივი ბეწვის წარმოებისა და გაყიდვის აკრძალვის შესახებ. 3 წლის შემდეგ, კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. “2023 წელი ისტორიაში შევა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი კალიფორნიისთვის, რადგან ეს კანონი ჭეშმარიტად გამოხატავს ჩვენი ამომრჩევლის ღირებულებებს.” – ამბობს შტატის ასამბლეის წევრი ლაურა ფრიდმანი.

ბოლო წლების განმავლობაში, ცხოველების დამცველების დამსახურებით, შესაძლებელი გახდა იმის გაგება თუ როგორ იქმნება ის აქსესუარები თუ ტანსაცმელი, რომელიც ამდენი ადამიანისთვის ასეთი საოცნებოა. მაგალითად, 2015 წელს, პეტას გამოძიებით გაირკვა, რომ სანამ იმ ნიანგებს მოკლავდნენ, რომლებიც „ერმესის“ ჩანთებისთვის გამოიყენებოდნენ, მათ ჯერ გაუსაძლის პირობებში – მარილიან წყალში ამყოფებდნენ, ბნელ, ნესტიან ადგილას, სადაც ვერც მზის სხივი და ვერც სუფთა ჰაერი აღწევდა. ამ გამოძიების შემდეგ, რეპტილიის ტყავზე მოთხოვნა ოცდაათ პროცენტზე მეტით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბუნებრივი ბეწვის ჩანაცვლებისა და აკრძალვის დადებითი ტენდენცია აშკარად შესამჩნევია, ჯერ-ჯერობით ისრაელი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრულად აკრძალა ბუნებრივი ბეწვის გაყიდვა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყნის მასშტაბით, ჯერ მხოლოდ 12 ქალაქში არის შემოღებული აკრძალვები ბუნებრივი ბეწვის წარმოებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის 5 ქალაქი მდებარეობს მასაჩუსეტსის შტატში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის მონაცემებით, აშშ-ში ბუნებრივი ბეწვის გაყიდვით წლიური შემოსავალი 574 მილიონ დოლარს აჭარბებდა, საიდანაც ყველაზე ბევრი – 129 მილიონი სწორედ კალიფორნიის შტატიდან გამომდინარეობდა.