ჯიჯი ჰადიდი კაიმანის კუნძულების პოლიციამ მარიხუანას ფლობისათვის დააპატიმრა. მოდელს ნარკოტიკული საშუალება ბარგში მაშინ უპოვეს, როცა ის საბაჟო შემოწმებას გადიოდა. მოგვიანებით ჯიჯი გაათავისუფლეს, თუმცა მას ჯარიმის – 1000 დოლარის გადახდა მოუწია. 

როგორც ცნობილია, მოდელი კუნძულებზე პირადი თვითმფრინავით მეგობრებთან ერთად ჩაფრინდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი სასამართლოზეც წარდგა, სადაც ის მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ფორმად ჯარიმის გადახდა შეუფარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარიხუანას ოდენობა მცირე იყო, ამიტომაც მოდელი ჯარიმის გადახდის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. 

როგორც ჯიჯი ჰადიდის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოდელმა მარიხუანა შეერთებული შტატებიდან წაიღო და ის ამ რაოდენობას ნიუ იორკის კანონმდებლობის მიხედვით ლეგალურად ფლობდა.

მედიაში სიახლის გავრცელების შემდეგ მოდელი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.