
იქიდან გამომდინარე, რომ წელს კარლ ლაგერფელდის პიროვნება და შემოქმედება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის თემაა და მეტ გალაც საგრძნობლად მოახლოვდა, გერმანელი დიზაინერის გარშემო საუბარი არ წყდება. აქტიურად განიხილება მისი როგორც შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ისე დეტალები პირადი ცხოვრებიდან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო კაცი, რომელსაც ჟაკ დე ბაშე ერქვა. Vogue ახალ სტატიაში სწორედ მის შესახებ წერს და კარლის ცხოვრებაში “ფრანგი დენდის” მნიშვნელობას ნათლად წარმოაჩენს.
“ამდენს სხვა ვერავინ მაცინებდა. ჩემი საპირისპირო იყო. ასევე აუტანელი და საზიზღარი. ის სრულყოფილი იყო.”
– კარლ ლაგერფელდი ჟაკ დე ბაშეზე

ჟაკ დე ბაშე და კარლ ლაგერფელდი, 1979 წელი © Guy Marineau
ჟაკი, რომელიც Air France-ს ბორტგამცილებელად მუშაობდა, კარლს პირველად 1971 წელს პარიზში შეხვდა და 18 წლის განმავლობაში მის პარტნიორად დარჩა. არავინ იცოდა რა იყო მისი შემოსავლის წყარო, თუმცა მან ყველაზე გავლენიან, გლამურულ წრეებში შეღწევა და თავის დამკვიდრება შეძლო. “ფული, სამსახური და ის, რაც ჩვეულებრივ სინამდვილეს ახასიათებდა მის საზრუნავს არ წარმოადგენდა,” – წერს მარი ოტავი ჟაკის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში “Jacques de Bascher, Dandy de L’ombre.” 2017 წელს i-D-ის გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც აღნიშნულ წიგნს ეძღვნება, ვკითხულობთ:
“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოზარდობისას სკოლის მასწავლებელი შეაცდინა, დე ბაშე მიხვდა, რომ თავისი მომნუსხველი მშვენიერება და ფიზიკურობა ქალებსაც და კაცებსაც რომ ატყვევებდა, ფასდაუდებელი იარაღი იქნებოდა მსოფლიოში, რომელიც სრულყოფილებას ზეიმობს. თავისი მახასიათებლების დამსახურებით ყველა ის კარი გაიღებოდა, სხვა შემთხვევაში მისთვის დახურული რომ იქნებოდა. “როდესაც თავისი უპირატესობა გააცნობიერა,” – განმარტავს ოტავი, “დაინახა შესაძლებლობა და მიხვდა, რომ თავისი პიროვნულობის და სილამაზის დამსახურებით ყველაფერი გამოუვიდოდა.””
ფიზიკურ შარმთან და მანერებთან ერთად, ჟაკს ჩაცმის გამორჩეული სტილიც ჰქონდა, რომელიც კარლმა ასე შეაფასა: “ის ისე იცვამდა, როგორც სხვა არავინ. ყველას უსწრებდა.”

ჟაკ დე ბაშე და კარლ ლაგერფელდი, 1984 წელი © Vogue / Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ ჟაკი კარლის გვერდით თითქმის ორი ათწლეული იყო, მათი ურთიერთობა ემოციური კავშირით შემოიფარგლებოდა და ფიზიკური არასოდეს ყოფილა. “ეს ბიჭი უსაზღვროდ მიყვარდა, მაგრამ მასთან ფიზიკური კონტაქტი არ მქონია,” – განუცხადა კარლმა ოტავის. თუმცა ისტორიები ჟაკის სექსუალურ თავგადასავლებზე მრავლად არსებობს – მათ შორის მის რომანზე კარლის პირდაპირ კონკურენტთან, ივ სენ ლორანთან.
კარლი და ჟაკი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. მათი ცხოვრების სტილი, ჩვევები, მისწრაფებები ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. “მე ნამდვილი პურიტანი ვარ, მაგრამ ჟაკის თავგადასავლები მართობდა,” – უთხრა ოტავის დიზაინერმა. “ერთმანეთისგან უფრო დაშორებულები ვერ ვიქნებოდით.”
ეს არაორდინალური რომანტიკული ურთიერთობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჟაკი შიდსის დიაგონოზით 1989 წელს გარდაიცვლებოდა. ის კარლის ერთადერთ სიყვარულად დარჩა: “მან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ბრწყინვალება შემოიტანა, როგორსაც სხვა ვერავინ ვერასდროს შეძლებს. შეიძლება ცხოვრებაში ერთი ადამიანი გერგება და სულ ეს არის.”

ჟაკ დე ბაშე და კარლ ლაგერფელდი, 1979 წელი © Vogue / Getty Images
გასულ წელს The Italian Rêve-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოტავიმ, რომელსაც კარლმა თავისი პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები ღიად გაუმჟღავნა, განაცხადა: “როდესაც ვკითხე რა აკავშირებდა ჟაკთან, მიპასუხა: “განსხვავება,” რაც გონებაში ჩამრჩა, რადგან მივხვდი, რომ, ალბათ, ეს არის ყველაზე წმინდა და ნამდვილი სიყვარულის არსი.”