ათწლეულების განმავლობაში, მაღალი მოდის ინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული და ელიტური ფენომენი იყო, მაგრამ ტექნოლოგიების ერამ, როგორც სხვა ყველაფერი, ეს სფეროც სამუდამოდ შეცვალა.
თუ წარსულში, დიზაინერის წარმატებას გავლენიანი ჟურნალების და ცნობილი მაღაზიების მოწონება განაპირობებდა, ახლა არსებობს ინტერნეტი, სადაც ერთ ვირუსულად გავრცელებულ ნივთს, ან კოლექციას შეუძლია მრავალმილიონიანი ბრენდის საფუძველი შექმნას. რამდენად მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, თანამედრვე მოდის პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ ინტერნეტის ფენომენის გააზრება და სტრატეგიულად გამოყენება არც ისე ადვილია.
მოდის უახლეს ისტორიაში, მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს შექმნილი რეალობის სწორად გამოყენება, მათ შორის სიმონ პორტ ჟაკმუსი უკონკურენტო ლიდერია.

Simon Porte Jacquemus დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ საფრანგეთში, დაბალშემოსავლიანი ფერმერების ოჯახში. ფრანგული წარმომავლობა მოდაში უპირატესობად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუმცა სამხრეთ საფრანგეთი არასდროს სარგებლობდა მოდის განსაკუთრებული ინტერესით. სახელგანთქმული ფრანგული სტილის იდეა ხშირად ძალიან ვიწროდ, მხოლოდ პარიზულ კონტექსტშია წარმოდგენილი და ყურადღების მიღმა ტოვებს საფრანგეთის სხვა ქალაქებსა და სოფლებს, სადაც არსებობს პარიზისგან განსხვავებული, თუმცა ავთენტურად ფრანგული ესთეტიკა.
2012 წელს, როდესაც სიმონი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, მან მოდას წარუდგინა საფრანგეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, მივიწყებული იყო.
„ჩემს მხარეში ულამაზესი სანაპიროებია, ფერადი და მზიანი, ხალხი თავისუფალია. მე ზღვიდან 40 წუთის სავალზე გავიზარდე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სულ ზღვაზე ვიყავი, გზად ფერად, ბედნიერ ხალხს ვხედავდი, უბრალო მაისურით და უცხო აქსესუარებით მორთულს. ასეთია საფრანგეთი ჩემს მეხსიერებაში. როდესაც პარიზში ჩამოვდიოდი, 18 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ აქაც დამხვდებოდა ფერადი, თავისუფალი, პოეტური, შთამაგონებელი ხალხი, მაგრამ „პარიზელი ქალის“ იმიჯი განსხვავებული იყო. გადავწყვიტე, რომ JACQUEMUS „ფრანგი ქალის“ შესახებ ყოფილიყო და არა მხოლოდ პარიზელის.“
– Simon Porte Jacquemus.
პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში, სიმონის დედა ავარიას ემხვერპლა. უბედურმა შემთხვევამ ახალგაზრდას უბიძგა გაბედული ნაბიჯი გადაედგა – განათლების დასრულების გარეშე, დამწყებმა დიზაინერმა საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელსაც დედის ხსოვნის საპატივცემულოდ JACQUEMUS უწოდა.
JACQUEMUS სიმონის დედის გვარია
„დავიბადე, როგორც Simon Porte, მამაჩემი არის გვარად Porte, ჟაკმუსი დედაჩემი იყო – Valérie Jacquemus,“ – განმარტავს დიზაინერი.

თვითნასწავლი და გამოუცდელი დიზაინერების მიმართ რომ მოდის ინდუსტრია ყოველთვის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, სიმონისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. ამიტომ კარიერის ადრეულ ეტაპზევე, მან უპირატესობა სოციალურ მედიაში აქტივობას მიანიჭა. სწორედ სოციალური ქსელით გაიცნო ჟან დამასი, ფრანგული სტილის თანამედროვე კერპი და ინფლუენსერი. როგორც დამასი იხსენებს, მას სიმონმა Facebook-ზე მისწერა და თავისი „თამბლერის“ გვერდი აჩვენა.
„როდესაც პარიზში ჩამოვედი, მოდაში მეგობრები არ მყავდა, ყველას სოციალური ქსელებში ვეკონტაქტებოდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა თამბლერიდან გამიცნო, ჩემი პირველი წარმატებაც თამბლერიდან დაიწყო.“
– Simon Porte Jacquemus.
Tumblr -ზე აქტიურობის პარალელურად, 20 წლის სიმონი Comme des Garçons-ში გაყიდვების ასისტენტად დასაქმდა. ახალი სამსახური დიზაინერს ოფლაინ-კავშირების დამყარებაში დაეხმარა. შედეგად, 22 წლის ასაკში, სოციალურ მედიაში მზარდი პოპულარობის ფონზე, Comme des Garçons-ის დამფუძნებლის, რეი კავაკუბოს მხარდაჭერით, საფრანგეთის მოდის ფედერაციამ ჟაკმუსი პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში ჩასვა.
2012 წელს, სიმონი ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი იყო, რომელიც პარიზის მოდის კვირეულში საკუთარი ბრენდით მონაწილეობდა.

ფოტოგრაფი: Zoe Ghertner
მოდის კვირეულში ადგილის დამკვიდრების შემდეგ, ჟაკმუსი წარმატებით აგრძელებდა ბრენდის საჭირო აუდიტორიისთვის წარდგენას. 2015 წელს, ფრანგმა დიზაინერმა მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ახალგაზრდა ბრენდების მხარდასაჭერად იმართება.
აღსანიშნავია, რომ ამავე წელს, LVMH Prize-ის მონაწილეთა შორის იყვნენ დემნა გვასალია და ვირჯილ აბლო, თუმცა ჟიურიმ, კარლ ლაგერფელდის და დელფინ არნოს ხელმძღვანელობით, 150.000 ევროს ინვესტიციის პრიზი სიმონ ჟაკმუსს გადასცა.
ეს იყო პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი გარე-ინვესტიცია, რომელიც JACQUEMUS-ის ბრენდში განხორციელდა.
კიმ კარდაშიანი რიანა
საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვებამ სიმონი ფრანგული მოდის ახალ და ყველაზე განხილვად ვარსკვლავად აქცია. მისი კოლექციების მიმართ ინტერესი პოპ-კულტურის საერთაშორისოდ ცნობილმა ქალებმა გამოამჟღავნეს, რამაც დიდი გავლენა იქონია ბრენდის კომერციულ წარმატებაზე.
მზარდი რესურსებით, ჟაკმუსის კოლექციები, სეზონიდან სეზონზე, უფრო სრულყოფილი ხდებოდა. 2016 წლიდან, ტანისამოსთან ერთად, სიმონმა აქსესუარების და ფეხსაცმლის დამოუკიდებელი ხაზების წარმოებაც დაიწყო. 2018 წელს კი, გაყიდვაში გამოვიდა ჟაკმუსის მამაკაცის სადებიუტო კოლექცია – JACQUEMUS HOMME.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2015-2018 წლებში, პარიზში ერთ მხარეს არსებობდა : Vetements, Off-white, Gosha Rubchinsky, Y/Project – ანტი-დიზაინერების ახალი ტალღა, რომლებმაც ბევრს „აიძულეს“ განსხვავებულად ჩაცმა და ფიქრი, ხოლო მეორე მხარეს – Chanel, Dior, Louis Vuitton, ისტორიული ბრენდები, რომლებიც ტრადიციების და სტანდარტების გათვალისწინებით, კვლავაც დომინანტურ როლს ასრულებენ მოდის ტენდეციების შექმნასა და გავრცელებაში.
ჟაკმუსი ამ ორი განსხვავებული ფენომენის შუაში აღმოჩნდა, თუმცა ნაცვლად რომელიმე „ბანაკში“ გაწევრიანებისა, საკუთარი გზა აირჩია. ფრანგმა დიზაინერმა კოლექციების წარდგენის ინდივიდუალური მოდელი შეიმუშავა – ისტორიების თხრობაზე დაფუძნებული მუდმივად მოძრავი პრეზენტაციები საფრანგეთის გარშემო.
ჟაკმუსის ბრენდში, თითოეულ ისტორიას (კოლექციას) თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და სახელი აქვს.
ყოველი ჩვენებით, ახალგაზრდა დიზაინერი დასამახსოვრებელ გარემოს ქმნის, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო კოლექციასაც დაუვიწყარ მუხტს მატებს.
ამის ნათელი მაგალითია 2019 წლის შოუ სამხრეთ საფრანგეთში, პროვანსის ლავანდების მინდვრებზე. შოუს მოსაწვევს მზისგან დამცავი კრემის პატარა ბოთლის ფორმა ჰქონდა, ზედ კი, კოლექციის სახელწოდება – “Le Coup de Soleil” ეწერა. ვარდისფერი პოდიუმის ფოტოები ინტერნეტს ვირუსულად მოედო, სიმონის ინსტაგრამის გამომწერების რაოდენობამ კი, 2 მილიონს გადააჭარბა.
სოციალურ ქსელებში ჟაკმუსის პოპულარობას ხელი შეუწყო მიმების კულტურამაც. მიმების-ფენომენი მოდაში მარკეტინგული რეკლამის შედარებით ახალი, თუმცა რიგ შემთხვევებში, ძალიან მომგებიანი ხრიკია. 2019 წელს, როდესაც ფრანგმა დიზაინერმა მინიატურული ჩანთა “Le Chiquito” წარადგინა, ის მომენტალურად იქცა მიმების წყაროდ.
აბსურდულ აქსესუარზე ინტერნერ-მიმებმა ბრენდის ცნობადობა იმდენად გაზარდა, რომ რამდენიმე კვირაში, JACQUEMUS-ის ჩანთები, ონლაინ მაღაზიებში, სრულად გაიყიდა.
დღემდე, JACQUEMUS-ის ბრენდში, ყველაზე გაყიდვადი ნივთის სტატუსს ჩანთა ფლობს.

აღნიშვნას იმსახურებს ჟაკმუსის სოციალური ქსელების მართვის მოდელიც. ფრანგი დიზაინერი არ მუშაობს კონტენტ-მენეჯერებთან. ის თავის პირად ცხოვრებას და ბრენდს ერთიან პლატფორმად წარადგენს. გამორჩეული გარეგნობა და გემოვნება კი, ამაში ხელს ნამდვილად უწყობს. სიმონს ინსტაგრამზე უკვე 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
სწორედ ამიტომ, ხშირად მოისმენთ, რომ ჟაკმუსი მაღალი მოდის პირველი „ინფლუენსერი-დიზაინერია.“
ამგვარად, მხოლოდ 31 წლის ასაკში, სიმონ ჟაკმუსმა საკუთარი ბრენდის ქვეშ მრავალ-მილიონიანი ბიზნესი შექმნა, რომელიც 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, 150-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება. გარდა ამისა, გასულ წელს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა დიზაინერი თანამშრომლობას იწყებს Puig-თან.
Puig არის პარფიუმერიის, სილამაზის და თავის მოვლის საშუალებების ესპანური კომპანია, რომელიც ფლობს ჟან პოლ გოტიეს, პაკო რაბანის და დრის ვან ნოტენის სილამაზის ხაზებს.
დიზაინერს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე, JACQUEMUS -ის პირველ სუნამოს, სილამაზის და თავის მოვლის ხაზებსაც ვიხილავთ.