როგორც უკვე იცით, მუსიკოსი და მსახიობი, ოსკაროსანი Lady Gaga რიდლი სკოტის ხმაურიანად დაანონსებულ კრიმინალურ ბიოგრაფიულ დრამაში მონაწილეობს. House of Gucci – ასე ჰქვია ფილმს და მასში მოვლენები მოდის სახლ “გუჩის” დამფუძნებლის შთამომავლის – ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. Lady Gaga სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის – პატრიცია რეჯიანის როლს შეასრულებს. გადაღებები იტალიაში უნდა დაიწყოს და სწორედ ახლახანს, Lady Gaga რომის ერთ-ერთ სასტუმროსთან შეცვლილი იმიჯით დააფიქსირეს – ფოტორეპორტიორის გადაღებულ კადრებში, მას ყავისფერი თმა და ვინტაჟური, კლასიკური ვარცხნილობა აქვს.
როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მსახიობი გადაღებების გამო იმყოფებოდა რომში, ვიზუალურად სწორედ როლისათვის გარდაისახა და ეს მისი დროებითი იმიჯია. რაც შეეხება თავად ფილმს, ამჟამინდელი ინფორმაციით, House of Gucci-ის პრემიერა 2021 წლის შემოდგომის ბოლოს იგეგმება, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა კიდევ გადაიდოს, რადგან პანდემიის გამო ფილმის გადაღებები მნიშვნელოვნად დაგვიანდა.