ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ინტერნეტში სერიალ Euphoria-ს დაანონსებული, მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეოს გავრცელებასთან ერთად, HBO-მ პრემიერის თარიღიც დაასახელა – სერიალის გაგრძელებას 2022 წლის 9 იანვარს ვიხილავთ.

გავრცელებული კადრები საკმაოდ დინამიური და დამაინტრიგებელია. ფრაგმენტულ სცენებში ვხედავთ პირველი სეზონის თითქმის ყველა მთავარ გმირს, მათ შორის ჯულსს, რომელიც სიუჟეტის კიდევ ერთი საკვანძო პერსონაჟია.

Euphoria-ს პირველი სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა. მისი მეორე სეზონის გამოსვლა ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა, კოვიდ პანდემიამ გადაღებებს ხელი შეუშალა და ამიტომაც, მეორე სეზონის პრემიერა დაახლოებით წელიწადნახევრით გადაიდო. ერთი წლის წინ,  HBO-მ სერიალის ორი სპეციალური ეპიზოდი გამოუშვა. მართალია,  ეს ეპიზოდები სიუჟეტური ხაზის გაგრძელება იყო, თუმცა, მთავარი ისტორია სწორედ დაანონსებულ, მეორე სეზონში გველოდება.

სერიალის სიუჟეტი მოზარდი რუ ბენეტის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ცდილობს ნარკო დამოკიდებულებას გაუმკლავდეს. მის როლს ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი –  Zendaya ასრულებს. Euphoria-ს სიუჟეტი ეხება “თაობა ზეტის” ისეთ პრობლემებს, როგორიც არის  – ბულინგი, გენდერული იდენტობა, ქვიარ თემის უფლებები, სოციალური მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა,  ფიზიკური ძალადობა და ასე შემდეგ.