გლობალური პანდემიის გამო, ოტ კუტიურ კვირეული უკვე მეორედ ჩატარდა ციფრულად. ნაკლებად მასშტაბური, ვირტუალური ღონისძიება 25-დან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართა. ამ სეზონზე კვირეულში მონაწილეობის მიღებაზე უარი არაერთმა ბრენდმა განაცხადა, მათ შორის: რალფ & რუსომ, ელი სააბმა, ჟან პოლ გოტიემ. ჩვენების გადადების შესახებ განცხადება გაავრცელა მარჯიელას მოდის სახლმაც, რომლის პრეზენტაციაც განრიგში 27 იანვარს უკვე ჩანიშნული იყო. მიუხედავად ამისა, კვირეულის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი მაინც არსებობდა, რადგან ის მნიშვნელოვან დებიუტებს გვპირდებოდა.
Haute Couture SS21-ის ფარგლებში პირველი და ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია დენიელ როუზბერმა სკიაპარელის მოდის სახლისთვის წარადგინა. როუზბერი ფრანგული ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2019 წელს დასახელდა და სკიაპარელის დეენემს მორგებული არაჩვეულებრივი ახალი კოლექციით ცხადყო საკუთარი პროგრესი, დაამტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ აქ არის და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
პროგრესზე ვერ ვისაუბრებთ ვირჯინია ვიარდის შემთხვევაში, რომელმაც შანელისთვის შექმნილი თავისი მორიგი კოლექციით გვაფიქრებინა, რომ ოტ კუტიურის იაფასიანი შესახედაობა შესაძლოა სწორედ ასე გამოიყურება.
მაგრამ საპირისპირო მაგალითს ვაწყდებით ვალენტინოსთან, რომლისთვისაც პიერპაოლო პიჩოლიმ მინიმალიზმით მოახერხა ოტ კუტიურის მდიდრული ბუნების წარმოჩენა და სეზონის ერთ-ერთ ვარსკვლავადაც იქცა (ისევ).
დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო ალბერ ელბაზის დაბრუნებაც. ლანვინის და მისი თანამშრომლობის მტკივნეული დასასრული მოდისთვის გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი ბრენდის შექმნა დაანონსა, გაჩნდა იმედი, რომ მრავალი ქალისთვის ტანსაცმლის სახით ოცნებებს ისევ შექმნიდა. თუმცა AZ Factory-ის პირველი კოლექცია უფრო ლანვინის და ადიდასის კოლაბორაციას ჰგავს, ვიდრე იმას, რაც ელბაზის გულშემატკივრებს წარმოედგინათ.
და მაინც, ვინ შეძლო ყველაზე დიდი ყურადღების მიქცევა ამ სეზონზე? რა თქმა უნდა, კიმ ჯონსმა. ლუი ვიტონსა და დიორში წარმატებულმა მამაკაცის კოლექციებმა ის ფენდის მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელობამდეც მიიყვანა. მაშინ, როცა დიზაინერების კარიერული წინსვლა მეტწილად ‘hype’-ის გამოწვევაზე გახდა დამოკიდებული და კიმი ამას შესანიშნავად ახერხებს, LVMH-ს მხრიდან ეს სრულიად ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო. ამ კოლექციით ჯონსმა გასაოცრად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ფენდი თავის მომხმარებელს უპირველესყოვლისა ბეწვეულს სთავაზობს. ბანალური, არაორგანული ქასთით გადაწყვიტა ოტ კუტიურში თავისი გამოუცდელობა და პირველი წარუმატებლობა გადაეფარა. ამისთვის შოუს გარემო და მუსიკაც დაიხმარა, რაც უდავოდ საუკეთესო რამ იყო, რისი შემოთავაზებაც მან ფენდიში თავისი დებიუტით შეძლო.