პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, გასული დღეების განმავლობაში მოწყობილ შოუებზე სპორტული რეფერენსები შეინიშნებოდა, მათ შორის გამონაკლისი არც თომ ბრაუნი იყო, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქში თავისი რიგით მეორე ოტ კუტიურ კოლექცია აჩვენა. ამერიკელი დიზაინერის კოლექციაში გარკვეული მოტივები ანტიკურ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშების საწყისებმაც შთააგონა. ჩვენებაზე მოწვეულ სტუმრებს მუსლინის ქსოვილის პერსონალიზებული მოსაცმელები დაურგიდათ თხოვნით, რომ ადგილზე მისვლისას ცმოდათ. შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მოდელებმა თეთრი და კრემისფერი მუსლინის ოტ კუტიურ ქმნილებები წარადგინეს – მიუხედავად იმისა, რომ ბამბის ეს ქსოვილი, როგორც წესი, პროტოტიპების შესაქმენლად გამოიყენება, Thom Browne-ს თეატრალურ ჩვენებაზე მუსლინით დამზადებული არა კუტიურის პროტოტიპები, არამედ დასრულებული სამოსი და ქსოვილის შთამბეჭდავი მანიპულაციები ვიხილეთ.

ჩვენების ჩანაწერი

“ნიკოლას სითამამე და კრეატიულობა მისი კარიერის საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინე,” – განუცხადა მარტში ჟან პოლ გოტიემ WWD-ს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლა დი ფელიჩე მისი დაარსებული ბრენდისთვის კოლექციას შექმნიდა. “მისი არჩევა იდეალურ შესაძლებლობას იძლევა იმის დანახვის თუ რისი შემატება შეუძლია დიზაინერს ჩემი სტილისთვის.” მართლაც, Courrèges-ის კრეატიულმა დირექტორმა შესანიშნავად შეძლო Jean Paul Gaultier-ის მოდის სახლის კოდების საკუთარი ხედვით შემოთავაზება. მან მონოქრომული, მინიმალისტური ნამუშევრები წარადგინა – მაღალი საყელოებით, ვუალებითა და კორსეტებით.

ჩვენების ჩანაწერი

Robert Wun-ის ბრენდის დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ჰონგ კონგში დაბადებულმა და ლონდონში დაფუძნებულმა დიზაინერმა პარიზში საიუბილეო ჩვენება გამართა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციას მან “დრო” უწოდა და წარმავალი სილამაზე სეზონების ცვალებადობასთან ერთად წარმოაჩინა. “სამუდამო არაფერია და მშვენიერებაც ამაშია,” – აღნიშნა რობერტმა. მან ჩინური ფილოსოფიაც მოიხმო, რომლის მიხედვითაც ყვავილები ლამაზია, რადგან ადრე თუ გვიან დაჭკნება. “თუ მათი ყვავილობა სამუდამოდ გაგრძელდებოდა, ხალხი მათში სილამაზეს ვერ აღმოაჩენდა.”

კოლექციის სრულად სანახავად ესტუმრეთ ვებგვერდს: www.vogue.com