Haute Couture (ოტ კუტიური) ხელოვნების ფორმაა. ის დაფუძნებულია ღირებულებებზე, რომელთა გამოც უკიდურესად ექსკლუზიური, მწირი და დიდებულია. ეს ტანსაცმლის შექმნის უმაღლესი ფორმაა და საუკეთესო ხარისხს, სრულყოფილ შესრულებას, ოსტატობას, ადამიანური ძალისხმევის უპირატესობას და შემოქმედებითობას გულისხმობს.

ის მიუწვდომელი და რთულად მოსაპოვებელია. როგორც ხელოვნების მრავალი ბრწყინვალე ნიმუშის შემთხვევაშია, ოტ კუტიურ ქმნილებები ხალხზე შთაბეჭდილებას შორიდან ახდენს, მათი ფლობა კი ერთეულებს შეუძლიათ. Couture – ს მომხმარებელთა ბაზა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 4000 ადამიანს ითვლის.  

ოტ კუტიურის ცნება პირველად მე-19 საუკუნეში, პარიზში ჩნდება. და მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია საფრანგეთის დედაქალაქში იწყება, პირველ კუტიურიედ არა ფრანგი, არამედ ბრიტანელი დიზაინერი – ჩარლზ ფრედერიკ უორტია მიჩნეული. ოტ კუტიურის დაბადების თარიღად კი 1858 წელი უნდა მოვიაზროთ, როცა ჩარლზმა პარიზის ქუჩა de la Paix – ის 7 ნომერში თავისი პირველი Couture მოდის სახლი დააფუძნა.

უორტი 1825 წლის 13 ოქტომბერს ლინკოლნშირში დაიბადა. თავის სამშობლოში ის ტექსტილით მოვაჭრეებთან მუშაობდა და პარალელურად ქსოვილების შესახებ იღმავებდა ცოდნას. ის ხშირად სტუმრობდა ნაციონალურ გალერეას და ისტორიულ პორტრეტებზე გულდასმით აკვირდებოდა ტანსაცმლის დეტალებს, რომლებიც შემდეგში ჩარლზის ინსპირაციის წყარო გახდა. 1845 წელს უორტი პარიზში გადავიდა და მოდის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი თავის ჩაწერაც დაიწყო. ახალ ქალაქში მან Gagelin – სთვის დაიწყო მუშაობა, კომპანიისთვის, რომელიც ქსოვილებს და მზა სამოსს ჰყიდდა. თუმცა მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპი მაშინ იწყება, როცა 1858 წელს House of Worth – ს აფუძნებს.

ჩარლზ ფრედერიკ უორტს „პირველ კუტიურიედ“ და „ოტ კუტიურის მამად“ მოიხსენიებენ. მისი მსგავსი მიდგომით სხვებიც მუშაობდნენ, თუმცა ყველაზე უკეთ მან მოახერხა სახელის გათქმა. უორტის გამორჩეული დიზაინის შეძენა მთელი მსოფლიოდან სურდათ. House of Worth – ში ტანსაცმლის ჩვენება მოდელებზე ხდებოდა და თითოეული კლიენტისთვის უნიკალური, ძვირფასი სამოსი იქმნებოდა. ოტ კუტიურის თავდაპირველი პრინციპები დღესაც უცვლელია.

ოტ კუტიური მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული, რაც Fédération de la Haute Couture et de la Mode – ის მიერ განისაზღვრება და კონტროლდება. მისი თავდაპირველი სახელწოდება Chambre Syndicale de la Couture or des Confectionneurs et des Tailleurs pour Dame იყო, რაც 2017 წელს ამ ზემოთხსენებული უფრო მარტივი ვარიანტით შეიცვალა. FHCM 1868 წელს დაარსდა და საფრანგეთში „ქალის მოდას,“ „მამაკაცის მოდას“ და „ოტ კუტიურს“ განაგებს. თავად ტერმინი Haute Couture ლეგალურად დაცული 1945 წლიდან არის და ამ საფირმო ნიშნის მინიჭება მხოლოდ მოდის და ოტ კუტიურის ფედერაციის მიერ ხდება.

Yves Saint Laurent F/W 1987 Couture

Haute Couture Fashion Week ყველაზე ძველი და პატივსაცემი მოდის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც დიზაიენერები წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივლისში – დადგენილი მკაცრი წესების დაცვით თავიანთ შემოქმედებას პარიზში წარადგენენ.

თუ ოტ კუტიურს ციფრებში განვიხილავთ მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ:

უბრალო ოტ კუტიურ კაბის ან კოსტიუმის დასამზადებლად საშუალოდ 150 საათია საჭირო. ხოლო ნაქარგებით თუ სხვა დეტალებით გაფორმებული ოტ კუტიურ სამოსის დამზადებას საშუალოდ 1000 საათი სჭირდება. მაგალითისთვის, შანელის 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციიდან ამ ჟაკეტის შექმნას დაახლოებით ამდენი დრო დასჭირდა.

ყველაზე საგულდაგულოდ მოქარგული და გაფორმებული კაბების შექმნა კი 6000 საათზე მეტს მოითხოვს.

შანელში ერთი ოტ კუტიურ სამოსის დამზადებას ოთხკაციანი გუნდი სჭირდება. მათგან ერთი მთავარი მკერავის ფუნქციას ითავსებს.

10 მორგების ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ ინტენსიურად მოქარგული უნიკალური კაბა თავის კლიენტს სრულყოფილად მოერგოს. პოდიუმიდან შერჩეული მოდელები კი ნაკლებ მორგებას მოითხოვს, როგორც წესი მხოლოდ ორს, მათი მიწოდება კი ექვსიდან რვა კვირამდე შუალედში ხდება. ზოგიერთ კლიენტს თავისი ზომების შესაბამისი მანეკენებიც აქვს შექმნილი, რათა პარიზში მორგებებზე სიარული არ უწევდეთ.

მსოფლიოს მასშტაბით კუტიურზე მუშაობის შესაძლებლობის მქონე 2200 კვალიფიციური მკერავია.

Viktor & Rolf F/W 2015 Couture

არსებობს 16 მოდის სახლი, რომელიც ლეგალურად იყენებს სახელ „ოტ კუტიურს.“ მათ შორის არიან: Adeline André, Alexandre Vauthier, Alexis Mabille, Bouchra Jarrar, Chanel, Christian Dior, Franck Sorbier, Giambattista Valli, Givenchy, Jean Paul Gaultier, Julien Fournié, Maison Margiela, Maison Rabih Kayrouz, Maurizio Galante, Schiaparelli, Stéphane Rolland.

ოტ კუტიურს 7 უცხოელი წევრიც ჰყავს, რომელთა ატელიეებიც პარიზში არ არის დაფუძნებული. ეს მოდის სახლებია: Azzedine Alaïa, Elie Saab, Fendi Couture, Giorgio Armani, Valentino, Versace, Viktor & Rolf. ყოველ სეზონზე, ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ვხვდებით მიწვეულ დიზაინერებსაც.

რაც შეეხება ფასს, ოტ კუტიურ კაბის ღირებულება 9000 ევროდან 1 მილიონამდე მერყეობს.

„ოტ კუტიური შემოქმედების კუთხით მწვერვალს წარმოადგენს – ფანტასტიკური ლაბორატორიაა როგორც ოსტატობის, ისე დიზაინ ინოვაციისა. ის დიზაინერებისთვის გამოხატვის თავისუფლებაა, ამავდროულად, ბრენდებისთვის იმიჯს ქმნის.“
– რალფ ტოლედანო, FHCM – ის პრეზიდენტი
Tags :