გუჩიმ და ბოთეგა ვენეტამ მილანის მოდის კვირეული 2020 წლის გაზაფხულზე დატოვეს. კორონავირუსის პანდემიამ მოდა, როგორც თითქმის ყველა სხვა სფერო, უპრეცედენტო რეალობის წინაშე დააყენა. თავდაპირველად, ინდუსტრიამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, შედეგად ვიხილეთ პირველი ციფრული მოდის კვირეული.
მომდევნო ნაბიჯი ინდივიდუალური კალენდრის შექმნა იყო, გუჩიც და ბოთეგა ვენეტაც მოდის კვირეულებისგან დამოუკიდებლად წარადგენდნენ ახალ კოლექციებს. უნდა ითქვას, რომ პანდემიურ რეალობას მორგებული ჩვენებების გრაფიკი, ხშირად, საკმაოდ დამაბნეველი იყო. 2 წლის განმავლობაში, თითქოს გაწყდა ისტორიული და ლოგიკური კავშირი ბრენდებს და მოდის კვირეულებს შორის.
Gucci -ის შოუ ლოს-ანჯელესში – შემოქმედებითი დირექტორი: ალესანდრო მიკელე.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სიახლე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა – 2022 წლის გაზაფხულიდან იტალიური მოდის ეს ორი სახელგანთქმული ბრენდი მილანის მოდის კვირეულს უბრუნდება. Gucci -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკო ბიზარი Pambianco Fashion Summit -ზე განაცხადა, რომ ბრენდი ახალი კოლექციის ჩვენებას 2022 წლის თებერვალში, მოდის ტრადიციული კალენდრის ფარგლებში გამართავს.
რაც შეეხება Bottega Veneta-ს, 2021 წლის ნოემბრიდან ბრენდს ახალი შემოქმედებითი დირექტორი, მეთიუ ბლაზი ხელმძღვანელობს. ბლაზი თავის სადებიუტო კოლექციას 2022 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულზე წარადგენს. შეგახსენებთ, რომ Gucci-ის და Bottega Veneta-ს მოდის ფრანგული კონგლომერატი “ქერინგი” ფლობს, რომლის სათავეში ფრანგი მილიარდერი, ფრანსუა პინო დგას.